გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - „ტურფა საბაღნარო“ თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ
გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - „ტურფა საბაღნარო“ თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსს სოციალურ ქსელში პასუხობს და მიმართავს, რომ „ტურფა საბაღნარო“ მან მიატოვა.

„ევროპული საქართველო ნამდვილად არ წარმოგადგენთ თქვენ. ეს მართალია. თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. „ტურფა საბაღნარო“ თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ.

კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ.

კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ არის ბაქრაძე თქვენი კანდიდატი. ჩვენ მხოლოდ წარსული გვაერთიანებს. დღეს, როცა თქვენ ინაშვილ-კორკოტას იდეებს ახმოვანებთ, თქვენ და თქვენი კანდიდატი ევროპისა და ნატო-ს მიმართ სკეფსისს აღვივებთ, სიბნელეს უარესი სიბნელით ებრძვით, ამით მხოლოდ ანადგურებთ იმ რეფორმებს, რითაც ამ ქოციანობა-ჟამიანობისას ჯერ კიდევ სული უდგას ჩვენს ქვეყანას. თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებას და ეგოიზმს ასხივებთ. დიახ, დღეს ჩვენ, „ევროპული საქართველო“, ვართ ვარდების რევოლუციის იდეებისა და რეფორმების საქმის გამგრძელებელი და არა ის მლიქვნელი ოპორტუნისტები, რომლითაც სავსეა დღეს თქვენი პარტიის ხელმძღვანელობა.

და, წარსული ურთიერთობის ხათრით, ერთი რჩევაც – დაიმახსოვრეთ, ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ მე მე მე მე-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის“, – წერს გიგი უგულავა „ფეისბუქში“.

მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ დაწერა: „ევროპული საქართველო“ არ წარმომადგენს მე! ეს ყოფილი ჩვენი ხალხია (მართალია დაგვტოვეს, მაგრამ ბევრი სხვა მოგვემატა პრინციპით „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“) მაგრამ საქმის გაკეთებაზე, აბა, რა გითხრათ – მე მათ ბევრი რამ ვასწავლე, ხეზე ასვლის გარდა“.