გიგი უგულავა - მერი როცა ვიყავი, მეც მქონდა სისუსტე, რომ კარვები ქალაქს ამახინჯებდნენ, მერე მივხვდი, ქარის წისქვილებს ვებრძოდი
მერი როცა ვიყავი, მეც მქონდა სისუსტე, რომ კარვები ქალაქს ამახინჯებდნენ, მერე მივხვდი, რომ ქარის წისქვილებს ვებრძოდი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობასთან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციას აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ მაღალ მატერიებზე ილაპარაკოს, იკამათოს, თუნდაც მნიშვნელოვან საკითხებზე, რადგან ქვეყანაში ელემენტარული საკითხებია მოუწესრიგებელი.
„ნიკა მელიას დღეს გავრილოვი ჩაუდეს და ამის გამო დააპატიმრეს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სიცივეა, სეზონი არ არის, კომენდანტის საათია, ჯერ კიდევ თითოეული ჩვენგანი პირბადეებით დავდივართ, ვცდილობთ, თავი დავიცვათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა უკანასკნელია მსოფლიოში და ავღანეთმაც კი დაიწყო ვაქცინაცია და საქართველო ამ თვალსაზრისით, უკან მიდევნებული ლამპარივით არის, ყველაფერი ამის მიუხედავად ჩვენ აღარ გვაქვს უფლება, ასე თბილად ვისხდეთ. მინდა, ქედი მოვიხარო ჩემი მეგობრების მიმართ, რომლებიც სამ თვეზე მეტია, ყოველდღიურად იბრძვიან, თან რისთვის იბრძვიან კარვისთვის, რომ კარავში ისხდნენ. რა არის კარავი, ცოდვა გამხელილი სჯობს, თავის დროზე, როცა მერი ვიყავი, ეგ სისუსტე მეც მქონდა. რაღაც მომენტში მეც მივხვდი, რომ უბრალოდ ქარის წისქვილებს ვებრძოდი. სისულელეა, ამახინჯებს ქალაქს, გასავლელი არ არის, ბიგბენის გვერდზე დგას უამრავი ასეთი კარავი და არამგონია, იქ რამე მახინჯდებოდეს. ამიტომ მე ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვაპირებ დავრჩე, რადგან თავდასხმის საფრთხე ამ უგუნურებისგან ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა და ყველ პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად ჩაერთვება ამ ფერხულში. იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანიც. დღეს კრიტიკული ღამეა, როგორც კი ხალხი შემცირდება, შეიძლება ღამე ტურებივით მოგვეპარონ და ფეხქვეშ გათელონ კონსტიტუცია“, – განაცხადა უგულავამ.