გიგი უგულავა - მე რომ ბათუმის მერი ვყოფილიყავი, აქციაზე მყოფ ყველა ადამიანს პირბადეს დავურიგებდი
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად, „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა, სადაც აბსოლუტურად დარღვეული იყო ყველა ნორმა, ამიტომ ვერ გავამართლებ ხელისუფლების მხრიდან ვიშვიშს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმის მერია ვიშვიშის ნაცვლად, აქციაზე უნდა მისულიყო და მონაწილეებისთვის პირბადეები დაერიგებინა.
„მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ თვალსაზრისით არაფერი ეთქმის. სწორედ იმ აქციის პარალელურად, „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა, სადაც აბსოლუტურად დარღვეული იყო ყველა ნორმა, ამიტომ ვერ გავამართლებ ხელისუფლების მხრიდან ვიშვიშს.
საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ დაანონსებული გვქონდა აქცია. იყო პარტიაში მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, იყო შიდა კენჭისყრაც და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ აქციის გაუქმების გადაწყვეტილება სწორედ ეპიდვითარების გამო. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, სხვა პარტია სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ხელისუფლებას არ ესმის, რომ ის მთავრობაა. კი არ უნდა ვიშვიშებდეს და ღვარძლიანი გამონათქვამებით გამოდიოდეს, არამედ მერია ვალდებული იყო, დამდგარიყო იქ და ადამიანები რომ მიდიოდნენ, დაერიგებინათ პირბადეები. თუ ადამიანები არ ითვალისწინებენ წესებს, სახელმწიფოს და ადგილობრივი ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, ღვარძლიანი გამონათქვამებით კი არ იხელმძღვანელოს, არამედ – კანონით და მის მიმართ დაკისრებული მოვალეობით.
არჩევნები ტარდება 31 ოქტომბერს და ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ შეხვედრები გარდაუვალია. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, დავიცვათ წესები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ არა მარტო საკუთარი, არამედ სხვების ჯანმრთელიბა დავიცვათ, მაგრამ აქვე ვუსვამ ხაზს, რომ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, სადმე რამე თუ ირღვევა, კი არ გამოდგეს კობახიძე ან მდინარაძე და საზიზღრობები ილაპარაკოს, არამედ მივიდეს წარმომადგენელი და დაარიგოს პირბადეები. მაგალითად, მე რომ ბათუმის მერი ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ვყოფილიყავი, ასე ვიზამდი, მივიდოდი, დავდგებოდი და იქ მყოფ ყველა ადამიანს დავურიგებდი პირბადეს. სწორედ ეს იქნებოდა განსხვავება“, – განაცხადა უგულავამ.