გიგი უგულავა - მცირე საბიუჯეტო თანხები ოპოზიციას სჭირდება იმ ვითარებაში, როდესაც ბიზნესი მკვდარი ან შეშინებულია
მცირე საბიუჯეტო თანხები პოლიტიკურ ოპოზიციას სჭირდება, იმ ვითარებაში, როდესაც ბიზნესი მკვდარია ან შეშინებულია, რომ იბრძოლოს და ქვეყანა გაათავისუფლოს ამ მართლაც უკვე გაუგონარი და გაუგებარი რეჟიმისგან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური ოპოზიციისთვის მწირი საბიუჯეტო დაფინანსება რჩება ერთადერთ საარსებო წყაროდ.
„ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში, სადაც ბიზნესს ეშინია. ბიზნესი მოდის, გელაპარაკება, შენსკენ ვარო გეუბნება, მაგრამ ეშინია პოლიტიკური ოპოზიციის პირდაპირ და ღიად დაფინანსების, რადგან მას ეშინია საგადასახადო ორგანოების და სახელმწიფო ინსტიტუტების. ამიტომ, მწირი საბიუჯეტო დაფინანსება რჩება ერთადერთ საარსებო წყაროდ პოლიტიკური ოპოზიციისთვის. მეორე, საბიუჯეტო დაფინანსება იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი მიბმულია ხმების რაოდენობაზე და აქ ჩვენ, ყველას დაგვაკლეს, დაიმატა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, რადგან არჩევნები გააყალბა სწორედ ამ ნაწილში. ეს დაფინანსება კავშირშია მხარდაჭერასთან და არანაირი კავშირი არ აქვს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან, რადგან არსებობს მეორე ნაწილი საბიუჯეტო დაფინანსების, ეს არის ერთგვარი საპარლამენტო სიკეთეები, რომელზეც, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, რომელიც არ შედის პარლამენტში, ამბობს უარს, ამიტომ არანაირი კავშირი არ აქვს არც ნახევრად ლეგიტიმაციას, არც არანაირ ლეგიტიმაციას. მცირე საბიუჯეტო თანხები პოლიტიკურ ოპოზიციას სჭირდება იმ ვითარებაში, როდესაც ბიზნესი მკვდარია ან შეშინებულია, რომ იბრძოლოს და ქვეყანა გაათავისუფლოს ამ მართლაც უკვე გაუგონარი და გაუგებარი რეჟიმისგან. ის, რაც პარტიებს ეკუთვნის, უარს არ ვამბობთ, ახლა ბურთი არის მათ მოედანზე, შეუძლიათ, შეწყვიტონ. გამოვიდეს კობახიძე, რომელიც ფეხებს გვიკოცნის დღეს და შემოდითო გვეუბნება, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. მივმართავ კობახიძეს და უმრავლესობას, ხომ გაქვთ უმრავლესობა 76 ხმით, გააუქმეთ და წაიღეთ ეს დაფინანსება. ის რაც გვეკუთვნის ჩვენ, გვეკუთვნის ჩვენ, თქვენ შეგიძლიათ წაგვართვათ, ეს თქვენი უფლება იქნება, უკანონოდ მოიქცევით, მაგრამ უკანონობა თქვენთვის ცხოვრების წესია“, – განაცხადა უგულავამ.