გიგი უგულავა - ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი
გიგი უგულავა - ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცია მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს, რათა ხმები არ გაიყოს.

მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ თავად მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს.

„მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე და ჩემს პერსონაზე. ამიტომ მე ჯერ ამაზე არც მიფიქრია. ლოგიკური არის, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები, როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი, კონსულტაციები უნდა გავიაროთ სხვა პარტიებთან. ეს 30 მაჟორიტარი მაინც დაიტოვა ივანიშვილმა, ეს იყო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კომპრომისი, რომ, კარგი, დაიტოვე ეს 30, მაგრამ მაინც მოგიგებთ, თუმცა ამისთვის აუცილებელია, იყოს კოორდინაცია, არ გაიყოს ოპოზიციის ხმები. სხვა შემთხვევაში, ვერაგულად, მამაცურად, მაგრამ დამარცხდები“,- განაცხადა უგულავამ.

კითხვაზე, რატომ არის ლოგიკური, რომ თქვენ იყოთ მაჟორიტარი, ლიდერებზე უნდა გავიდეს ეს ბრძოლა?უგულავამ ასე უპასუხა:

„არა, ჯერ ერთი ლოგიკურია, რომ ასეთ დროს ლიდერმა მეტი აიღოს თავის თავზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად პრაგმატულად უნდა მივუდგეთ. თუ ამა თუ იმ ოლქში, ფორმალურად, არაპოლიტიკურად ლიდერი, შეიძლება საერთოდ არაპოლიტიკოსი, მაგრამ სამოქალაქო აქტივისტი მეტად გამსვლელია, მე დავუთმობ. ნებისმიერი ნორმალური პოლიტიკოსი ასე მოიქცევა. აქ პირად ამბიციებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მომწიფებული, გარდაუვალი და აუცილებელია ცვლილებები. ყველა პოლიტიკოსმა, აქტიურმა ადამიანმა უნდა მოახერხოს, ყველაფერი პირადული გვერდზე გადადოს. ეს ცვლილებები უნდა შედგეს, შედგეს ქვეყნისთვის მინიმალური დანაკარგებით.

უდიდესი პრობლემის წინაშე ვდგავართ ეკონომიკური თვალსაზრისით და ახლა არჩევნებმა, შემდეგ ივანიშვილის გაჯიქებამ და კიდევ შეპოტინებამ ხელისუფლებისთვის, ისედაც უფრო დაზიანებულ ეკონომიკას და ქვეყანას მეტი ზიანი არ უნდა მიაყენოს. ამიტომ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ძალიან მოქნილები და ვინც არის მომგები, ის უნდა იყოს მაჟორიტარი. პრინციპი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად ბევრ ოლქში იყოს ოპოზიციის მიერ შეჯერებული, რომ ერთი კანდიდატი იყოს. აქეთ იქნება ვიღაცა „ოცნების“, აქეთ იქნება ვთქვათ, მე თუ ვიქნები, მე და სხვა ოპოზიცია არ დააყენებს, რადგან საერთო ოპოზიციური ხმები წამოვიდეს იმ კანდიდატთან“, – განაცხადა უგულავამ.