გიგი უგულავა - ლოგიკურად მიმაჩნია იდეა, რომ ეს აქციები მოედოს რეგიონებს, ქალაქებს და შემდეგ ერთ მუშტად გაერთიანებული დაუბრუნდეს თავის საწყისებს
ბუნებრივია, ყველაფერს ტრანსფორმაცია და განახლება სჭირდება და მე სწორედ და ლოგიკურად მიმაჩნია ის იდეა, რომ ეს აქციები მოედოს რეგიონებს, ქალაქებს და შემდეგ ერთ მუშტად გაერთიანებული დაუბრუნდეს თავის საწყისებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებისთვის იწყებს ბრძოლას, კარგავს ამ ძალაუფლებას.
„გავრილოვის სავარძელში ჩაბრძანებამ და შემდეგ უკვე „გავრილოვის ღამემ“ ძალიან ბევრი რამ დაგვანახა ჩვენ როგორც საზოგადოებას; დაგვანახა ის, რომ ჩვენი მთავრობა, ივანიშვილის ჩათვლით, არამარტო ფლირტაობს რუსეთთან, არამედ უკვე კუდებით არიან გადაბმული, დაგვანახა ის, რომ ივანიშვილი აბსოლუტურად უტიფარია და სამსახურიდან გაშვების ნაცვლად გახარია პრემიერად დაგვასვა თავს, დაგვანახა ის, რომ გამოაცხადა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ამას აჩვენებს საქართველოს უახლესი ისტორია – ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც იწყებს ბრძოლას არა ხალხისათვის, ხალხის ინტერესებისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის, კარგავს ამ ძალაუფლებას. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში და გავაპროტესტოთ. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო იმ ახალგაზრდა აქტივისტების როლი, რომლებმაც მთელი ეს სამი თვე საქართველოსთვის უპრეცედენტოდ, ზიდა ეს ტვირთი, ეს სიმძიმე თითოეული ჩვენგანის ნაცვლად, თითოეული ჩვენგანის გამო. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მათ, მაგრამ მადლობას ეს ადამიანები, ისევე როგორც მთელი ჩვენი საზოგადოება მიიღებს მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დაასრულებს მმართველობას. ბუნებრივია, ტრანსფორმაცია სჭირდება და განახლება ყველაფერს და მე სწორედ და ლოგიკურად მიმაჩნია ის იდეა, რომ ეს აქციები მოედოს რეგიონებს, ქალაქებს და შემდეგ ერთ მუშტად გაერთიანებული დაუბრუნდეს თავის საწყისებს“, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ პირველივე დღიდან არის ამ აქციებში ჩართული.
„ჩვენი აქტივი, უკლებლივ ყველა ვინც „ევროპულ საქართველოს“ უჭერს მხარს, მონაწილეობს ამ აქციებში, ამ აქციების გულშემატკივარია. ბუნებრივია, როდესაც ორგანიზატორები საერთო მაგიდასთან იღებენ გადაწყვეტილებას, მათ გვერდში ვუდგავართ, საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით რჩევით, მაგრამ არსებითად ეს უპრეცედენტო აქცია იმითაც არის, რომ პირველად მოხდა იმ ნავსის გატეხვა, რომელსაც ბოლო შვიდი წელიწადია ივანიშვილის პროპაგანდა აწარმოებს, რომ პარტიებს არ უნდა გაეკაროს არავინ, რომ პოლიტიკა ცუდია, თითქოს თვითონ არ არის პარტია და არ არიან პოლიტიკაში. რატომღაც მათ საკუთარ თავს დაარქვეს სახელმწიფო და არა მთავრობა, რომელიც დროებით არის არჩეული და სახელმწიფო მუდმივია და ამ გადმოსახედიდან აკომპლექსებდნენ ხალხს. ეს კომპლექსი დაირღვა, არავის არ აქვს პარტიების კომპლექსი და კარგად მახსოვს ანალოგიურს მიმართავდა შევარდნაძის რეჟიმი 2003 წელს. ყოველგვარი კომპლექსი უკან და ყველაფერი წინ, რათა ივანიშვილის რეჟიმი გავუშვათ არჩევნებზე ისე, რომ ქაოსი არ დაგვიტოვოს ქვეყანაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.