გიგი უგულავა - ივანიშვილი შფოთავს თავისი გაყალბების გამო და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგებს ატარებინებს თავის შიკრიკს
ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის სიტყვებით გამოხატული დიარეა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას ახალ კანონპროექტთა პაკეტის თაობაზე.
უგულავას თქმით, პარტიული დაფინანსება მეტი დემოკრატიულობისა და პარტიების მრავალფეროვნებისთვის არსებობს, ხოლო მისი გაუქმება არათუ შეცვლის ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არამედ კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გახდის მას.
„ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა. სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა – „საბოტაჟი“ და ეს სიტყვა, სწორედ რომ გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელორუსთან და ა.შ. ჩამონათვალი არც თუ ისე სახარბიელო და ღირსეულია, სადაც ივანიშვილის რეჟიმი ადგილს დაიკავებს.
შინაარსს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვებისთვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვანს, უკვე დეფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე. პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირებული გახდებიან ამ ბრძოლაში. ფაქტი არის ერთი – ბოიკოტი შედგა და ივანიშვილის სტკივა თავის გაყალბება, წუხს თავის გაყალბებაზე, ბორგავს და შფოთავს თავისი გაყალბებული გამო და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგებს ატარებინებს თავის შიკრიკს და მონას.
ამრიგად, ამით არაფერი არ იცვლება, ჩვენი გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდირებული იქნება ოპოზიცია“, – განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.