გიგი უგულავა - ირაკლი შოთაძის პროკურორად დაბრუნება მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სათადარიგოთა სკამი ძალიან მოკლე აქვს
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხზე აცხადებს, რომ შოთაძის პროკურორად დაბრუნება ქვეყნის სირცხვილი იქნება.
უგულავას თქმით, ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება მიუთითებს იმაზე, რომ საგამოძიებო უწყებაში კარგი კადრების დეფიციტია.
„შოთაძის პროკურორად დაბრუნება არის ქვეყნის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სირცხვილი. უბრალოდ ეს ხალხი უსირცხვილოა, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ სათადარიგოთა სკამი „ქართულ ოცნებას“ ძალიან მოკლე აქვს, მიუთითებს იმაზე, რა საცოდავ დღეშია ივანიშვილი. რამხელა ფულის, რესურსების პატრონია და ნორმალური ადამიანი ვერ იპოვა, ვერ დაითანხმა, რომ პროკურორი გახდეს. ასეთ კრიზისშია, ნორმალურ ადამიანს მათთან მუშაობა აღარ უნდა. ამ ადამიანის მთავარი პროკურორობის დროსაც პროკურატურამ ჩაიდინა დადასტურებული დანაშაული, მხედველობაში მაქვს სარალიძის, აფგან მუხთარლის საქმის, მაჩალიკაშვილის მკვლელობის არ გამოძიება და კიდევ რამდენი საქმე შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომლის გამოძიება ამ ადამიანის მფარველობით არ განხორციელდა. ეს ადამიანი უკან ბრუნდება, რომ კვლავ დაიკავოს პროკურორის თანამდებობა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს იწურება.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესის თანახმად, ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
ავტორი -
გიორგი იდუკაშვილი