გიგი უგულავა - ირაკლი კობახიძის მოწოდებებს ფასი არ აქვს, ყველაზე ბინძურ კამპანიას ამ ქვეყანაში „ქართული ოცნება“ აწარმოებს
გიგი უგულავა - ირაკლი კობახიძის მოწოდებებს ფასი არ აქვს, ყველაზე ბინძურ კამპანიას ამ ქვეყანაში „ქართული ოცნება“ აწარმოებს

კობახიძე არის უტიფარი, ფარისეველი და მატყუარა. მის მოწოდებებს ფასი არა აქვს, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა „ქართული ოცნების“ მსგავსად, თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ.

„ყველაზე ბინძურ კამპანიას ამ ქვეყანაში „ქართული ოცნება“ აწარმოებს. რამდენჯერმე მოხდა, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა „ქართული ოცნება“ თავისი ბოტებისა და ასე ვთქვათ ტროლების გამო, რომელიც პირდაპირ ივანიშვილს უკავშირდება, ამიტომ მისგან მსგავსი საუბარი არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, ტყუილი და მცდელობა, რომ ბურთი იქით გადააგდოს. სინამდვილეში, თავის თავს, გამგებლებს, მაჟორიტარებს, სოფლის რწმუნებულებს უნდა მოუწოდონ, არ დაატერორონ ხალხი, არ შეაშინონ, არ მოისყიდონ. სჯობს, ესაუბრონ საკუთარ აქტივს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, „ქართული ოცნების“ მსგავსად მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია და თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში.