გიგი უგულავა - ირაკლი ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული.
„ბატონი ღარიბაშვილი აგრძელებს კვლავ ჩვენს გაოცებას. ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია „ქართული ოცნების“ გუნდში. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მან აღიარა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, იმისა რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე მოსპო მართლმსაჯულება, ბოლომდე მოსპო სასამართლო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ კითხვა, თუ ვინ გამოუშვა გიგი უგულავა, მას არ ეკუთვნის.