გიგი უგულავა - ინერვიულონ, ჩვენ ვართ მშვიდად, ვიცავთ კონსტიტუციას [ვიდეო]
თანამებრძოლები სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს პარლამენტთან გაშლიან კარვებს და ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, შემოუერთდეს უწყვეტ პროტესტს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტი დამთავრდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებითა და რიგგარეშე არჩევნებით.
„ამ წუთას წავალთ ჩიტაძის ქუჩით, აღმართით და შემდეგ უკვე ინგოროყვას ქუჩით კანცელარიასთან მივალთ. კანცელარია დღეს არის მთავარი უტვინობისა და ბოროტების სიმბოლო, ამიტომ ჩვენი ვალია, მივიდეთ იქ ისევე, როგორც ეს უტვინო მოვიდა ჩვენთან, დაგვარბია და ქვეყანა ჩააგდო უფსკრულსა და წარსულში. პარალელურად, როდესაც ჩვენ ვიქნებით იქ, პარლამენტთან ჩვენი თანამებრძოლები სხვადასხვა ქალაქიდან და სხვადასხვა პარტიიდან გაშლიან კარვებს, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, შემოუერთდეს უწყვეტ პროტესტს, რომელიც დამთავრდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებითა და რიგგარეშე არჩევნებით. ამავე დროს, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, სადაც უკვე კეთდება სცენა. ჩვენი შეკრების მიზანი აქ არის ერთი სიტყვა – ბრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენ ვამბობთ სიტყვას თავისუფლებისთვის, იქნება მუსიკა თავისუფლებისთვის. ყოველი სიტყვა, ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი ბიძგი იქნება მხოლოდ ერთი მიზნით – თავისუფლება, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ქვეყანას. ეს არის ჩვენი გეგმა დღეს. ახლა უკვე დაიწყო პოლიციამ მოძრაობა, რადგან არ იცოდა, რომ კანცელარიასთან მივდივართ. მივალთ, ინერვიულონ. ჩვენ ვართ მშვიდი, ვიცავთ კონსტიტუციას და ჩვენი გზა მიდის გამარჯვებისკენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.