გიგი უგულავა - გვინახავს შიდაპარტიული ნეპოტიზმის, კორუფციის ნიშნები, რაც ღია და გამჭვირვალე კონკურენციით გამორიცხული იქნება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, „ევროპულ საქართველოს“ საარჩევნო სიასთან მიმართებაში ნოვატორული გეგმები აქვს.
მისი თქმით, პარტიის საარჩევნო სია სპეციფიკურია.
„პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება. ძირითადი ადგილები გვექნება სრულიად ახალი, ნოვაცია, რაც აქამდე საქართველოს პარტიების ისტორიაში არ ყოფილა. ეს არის შიდა კონკურენცია ანუ დანარჩენ ადგილებზე ვინ გავა პარლამენტში დამოკიდებული იქნება იმაზე, ამა თუ იმ ოლქში ესა თუ ის ჩვენი თანამებრძოლი რა შედეგს დადებს. აქედან გამომდინარე სია მოძრავი და ღია იქნება ამ გაგებით. გაიმარჯვებენ ისინი, ვინც უფრო კარგ შედეგს დადებენ. აქამდე ჩვენ გვინახავს პარტიული ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის, შიდაპარტიული კორუფციის და ა.შ. ფაქტები. ეს ყველაფერი ამ შიდა, ღია და გამჭვირვალე კონკურენციით გამორიცხული იქნება“, – განაცხადა უგულავამ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება.