გიგი უგულავა - ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენმა პარტნიორებმა ორივე მხარეს აღარ მოუწოდონ, როცა ორი მხარე აღარ იქნება, საქართველოში კი არა, ბელარუსში ვიქნებით
ჩაშლილ მოლაპარაკებაზე ისევე, როგორც პირველი ნაბიჯის გადადგმაზე მთავარი პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე, რომლის თქმითაც ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.
„ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში იყოს ის სიტუაცია, როდესაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები აღარ იტყვიან: მოვუწოდებთ ორივე მხარეს. როცა ორივე მხარე აღარ იქნება მოსაწოდებელი და მეორე მხარე აღარ იქნება, ჩვენ უკვე საქართველოში კი არა, ჩვენ ბელორუსში ვიქნებით. ასევე, ძაან ბრიყვულად გამოიყურება სახელისუფლებო პროპაგანდა, რომელიც ჩაბღაუჭებულია ამ ორივე მხარეზე და უნდა, რამენაირად ხელისუფლების პასუხისმგებლობა გაუტოლოს ოპოზიციის პასუხისმგებლობას, აქვე შეგახსენებთ, მეგობრებო, დემოკრატია მუშაობს ასე: უმრავლესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა უმცირესობის პასუხისმგებლობასთან. ჩაშლილ მოლაპარაკებაზე ისევე, როგორც პირველი ნაბიჯის გადადგმაზე მთავარი პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“. ამას ხაზს უსვამს ყველა“, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე იმსჯელებენ.
„ძირითადი თემები არის მოსამზადებელი სამუშაოები, ვინ როგორ, რანაირად, რა ფორმით ჩავერთვებით 15 მაისის ორგანიზებაში. პარალელურად, უნდა ვიმსჯელოთ „ქართული ოცნების“ მიზეზით ჩავარდნილი მოლაპარაკებებზე, რა პერსპექტივა აქვს, კოლეგების მოსაზრებები იქნება გაზიარებული და ძირითადად ეს პოზიციები შეჯერდება“, – აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, ტყუილია, რომ „ქართული ოცნება“ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად მზად იყო.