გიგი უგულავა - გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში, თორემ დედა გეტირებათ ყველას
გიგი უგულავა - გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში, თორემ დედა გეტირებათ ყველას

ჩვენ ცუდად ყოფნის ფუფუნება არ გვაქვს, არ გვაქვს დაღლის უფლება, ჩვენი ყველა უფლება ახლა გვერდზე გადავდოთ, რადგან სასწორზე დევს ადამიანის სიცოცხლის უფლება, რომელსაც ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ართმევს, – ამის შესახებ გიგი უგულავამ რუსთავის ციხესთან აქციაზე განაცხადა.

„ეს რამდენიმე დღე ვიავადმყოფე და მქონდა ფიქრის შესაძლებლობაც. რაც მთავარია, მთელი ეს სამი-ოთხი დღე, რაც ფოთიდან ჩამოვედი, მქონდა რაღაც დანაშაულის განცდა და აღმოვაჩინე ერთი რაღაც – მე საკუთარ თავს არ ვაძლევ და არ მაქვს ავად ყოფნის უფლება, როდესაც მიშა 35-ე დღეა, შიმშილობს. არა გვაქვს ჩვენ ცუდად ყოფნის ფუფუნება, ჩვენ არა გვაქვს დაღლის უფლება, ჩვენ არა გვაქვს ავადმყოფობის უფლება, ჩვენ ჩვენი ყველა უფლება ახლა გვერდზე გადავდოთ, რადგან სასწორზე დევს ადამიანის სიცოცხლის უფლება, რომელსაც ივანიშვილი ართმევს მას. ამიტომ დიახ, ახლა მძიმე რამეს გეტყვით, მძიმეა, რადგან მეც ამ დღეების განმავლობაში სულ ვფიქრობდი როგორ შეიძლება ამ სიტუაციის გამოსწორება, როგორ შეიძლება ელემენტარულად ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა. ათასი ვერსია არსებობს, უკრაინის ჩარევის, იმის ჩარევის, ამის ჩარევის, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რაღაც, ვისთან გვაქვს საქმე. ივანიშვილს სჭირდება ამ ადამიანის სიკვდილი, ეს არის მისი პირადი კომფორტის, მისი პირადი უსაფრთხოების, მისი პირადი ქონების საკითხი. ამიტომ არის სიტუაცია ძალიან დრამატული, ამიტომ უნდა იცოდეს ყველამ, თუ რამე მოხდება ამ ქვეყანაში, მაშინ მართლა იქნება კბილი კბილის წილ, რადგან არავის არ შერჩება ის ტრაგედია, რაც ჩვენს თვალწინ ხდება. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც პილატესავით ხელებს იბანს, გვეუბნება, არაფერ შუაში არა ვარო. რას ნიშნავს მეგობრებო, სად გაგონილა, რომ ადამიანს საავადმყოფოზე ეუბნებოდეს უარს“,- აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა საფრთხის შემცველია.

„დააკვირდით, ერთი ექიმი არ გამოსულა, ერთი ხალათიანი ადამიანი, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული. ერთ ადამიანსაც კი არ უთქვამს, რომ ციხის საავადმყოფო შესაძლებელია. ამ უნამუსობაზე არავინ არ მიდის, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ გლდანის ციხეში არის ძალიან კონკრეტული საფრთხეები და რაც მთავარია, არის ადამიანის დამცირების, შეურაცხყოფის პირდაპირი ინსტრუმენტი. მე ეს გამოვიარე, თავად ვნახე და ვიცი, რასაც ამზადებენ იქ. იქ ამზადებენ ადამიანის დამცირებას. არ მინდა, იმ ხალხს შეურაცხყოფა მივაყენო, ვინც იქ ციხეში ზის, მაგრამ ისინი არც პირდაპირი მნიშვნელობით და არც გადატანითი მნიშვნელობით არ არიან თავისუფლები, არ არიან თავისუფლები თავის მოქმედებაში. ამიტომ იქ საფრთხე რეალურია, იქ საფრთხე არათუ რეალურია, არამედ ხელშესახებია. მინდა, ყველა ჩვენი პოლიტიკური ლიდერი ერთობლივად შევიკრიბოთ და ვთქვათ, ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, მეგობრებო, თქვენ ამბობთ რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა პრობლემაა, რადგან იქ მივვარდებით ჩვენ და მერე იქნება „რუზრუზი“ და რაღაცა. ჩვენ საჯაროდ ვდებთ პირობას, რომ პოლიციასთან ერთად უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას იქ. ერთი რამეც არ მოხდება, გადაიყვანეთ ეს კაცი საავადმყოფოში, თორემ დედა გეტირებათ ყველას“,- განაცხადა გიგი უგულავამ.