გიგი უგულავა - „ევროპულ საქართველოს“ კონსულტაციები აქვს ღირებულებებით ახლოს მყოფ პარტიებთან, მათ შორის „თავისუფალ დემოკრატებთან“
„ევროპული საქართველო“ ღია პლატფორმაა და ბუნებრივია, მას კონსულტაციები აქვს პროევროპულ, ღირებულებებით ახლოს მყოფ პარტიებთან, მათ შორის „თავისუფალ დემოკრატებთან“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიის ძირითადი უმრავლესობა, ისევე, როგორც მათი პარტიის ძირითადი უმრავლესობა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა წარსულიდან, ანუ სხვადასხვა ნაპირიდან მოვდივართ, ეს ჩვენს პოტენციურ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს. არ დაგიმალავთ და გულწრფელად ვიტყვი – დღეს ჩემი პარტიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიმაჩნია, რომ ჩვენ მაინც ერთი მდინარიდან წამოსული ხალხი ვართ. ჩვენ ვართ ყოფილი თანამდებობის პირები და გვჭირდება მდინარის სხვა ნაპირიდან მოსული ადამიანები“, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, მაჟორიტარებისა და მერების არჩევნებზე „ევროპულ საქართველოს“ კოორდინაცია აქვს სხვა პროევროპულ პოლიტიკურ ძალებთან და მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით, მაგრამ ვინაიდან ასეთი არჩევნები არსებობს, ვალდებული ვართ, ამომრჩევლის დაკვეთა შევასრულოთ, ერთმანეთს ხმები არ წავართვათ და კოორდინაცია გვქონდეს. კოორდინაცია იმას გულისხმობს, რომ არსებულ ოლქებს, ასე ვთქვათ, ვიყოფთ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებები პრაქტიკულად, დავასრულეთ. მაგალითად, ზუგდიდის ოლქში უკვე ჩამოყალიბებული ვართ, რომ ყველა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყრის კენჭს და ჩვენ მას კანდიდატს არ დავუყენებთ. თუ ვინ იქნება, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ზუსტად ასეთივე შეთანხმება არსებობს მთაწმინდასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ დავაყენებთ კანდიდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაარჩიოს საზოგადოებამ ისინი ერთმანეთისგან და სად უნდა დაინახოს მათ შორის სხვაობა, თუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატები ეყოლებათ, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მათ ღირებულებითი სხვაობა აქვთ, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა აგინონ და გაშორებული ცოლ-ქმარივით არ უნდა ეურთიერთონ.