გიგი უგულავა - ეს პარლამენტი ღირსია, იმსახურებს და იღებს იმას, რომ რკინის ღობეებით არსებობდეს
გიგი უგულავა - ეს პარლამენტი ღირსია, იმსახურებს და იღებს იმას, რომ რკინის ღობეებით არსებობდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაჟორიტარების პროტესტი ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი იყო, რაც მისივე შეფასებით, აღიარა კიდეც ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში.

„გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა – ამ მატყუარა არსებამაც კი აღიარა, ივანიშვილი მყავს მხედველობაში, რომ ის ვითომ ამბოხი, სინამდვილეში წინასწარ განზრახული მზაკვრობა იყო, რომელიც მან დაგეგმა და შეასრულა. გუშინ ის თავგამოდებით იცავდა მაჟორიტარულ სისტემას, აქებდა და დღეს სკამების განაწილებას აპირებენ ზუსტად ის ვითომ მეამბოხე დეპუტატები. იმ იაფფასიან აფერისტობას, რაც ივანიშვილმა დადგა, გუშინვე ფარდა აეხადა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, უგულავას თქმით, ხალხის გასაკეთებელს დღეს პოლიცია აკეთებს.

„ყოველივე ამის ფონზე, ძალიან კარგია, რომ თავად პოლიცია აკეთებს იმ სამარეს, რაც უნდა გააკეთოს ხალხმა. ეს პარლამენტი არის ღირსი, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს. მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი. ასე რკინის ღობეებისამარა დარჩენილმა მთავრობამ და პარლამენტმა ძალიან სიმბოლუროა, რომ დღეს უნდა გადაინაწილონ გამოთავისუფლებული სკამები. სიმბოლიზმია, რა თქმა უნდა, ამაში, რომ რკინის ღობეებით უწევთ სკამების გადანაწილება. ამ დღეშია „ქართული ოცნება“, – აღნიშნა უგულავამ.

ამასთან, უგულავას განცხადებით, მათი პროტესტი იყო, არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი.

„ხუმრობით ამას ჩვენ ვუწოდებთ „აიკიდოს მეთოდს“. პოლიციამ ეს რკინის ღობეები მოიტანა. დაალაგა ყველგან. კი ბატონო, ეს ის საქმეა, რასაც ჩვენ ცოცხალი ძალით ვაპირებდით. ერთი სადღაც უკანა ხვრელია დატოვებული „ოცნების“ დეპუტატებისთვის და დავაკვირდებით აუცილებლად, როგორ შეძვრებიან ისინი სადღაც ხვრელში. ამის შესაძლებლობა ექნება მთელ საზოგადოებას და დაინახავენ, როგორ დაძვრებიან სოროებში ვირთხებივით. ეს არის ერთადერთი, რასაც ისინი იმსახურებენ. განსაკუთრებით გუშინ აღიარებული ტყუილის შემდეგ. ყველაფერი იყო დადგმული, რადგან ნახა კვლევები და შეეშინდა ძალაუფლების დაკარგვის. ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, კარგავს ამ ძალაუფლებას“, – განაცხადა გიგი უგულავმ.

მან მედიასთან სამოქმედო გეგმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ძალაში რჩება.

„ჩვენი გეგმები ძალაში რჩება. მეტიც – უფრო გაადვილდა ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა ადამიანებს საკუთარი სხეულის რისკის ფასად. თქვენ ნახეთ ეს სასოწარკვეთილი ადამიანი გუშინ, გაავებული, როგორ იმუქრებოდა დაჭერებით ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრძოლა თავისი გრაფიკით მიდის, ზუსტად ისე, როგორც უნდა წავიდეს და დამთავრდება ივანიშვილის სრული კრახით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, უგულავამ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ურჩია, საკუთარ უწყებას მიხედოს.

„მინდა, ვუთხრა ყველა გადაცმულ ზონდერს, ვინც შეშის ქურდობაში მიიღო მონაწილეობა, ვინც ყინვაში ადამიანები დატოვეთ, თქვენ, ყველას ეს მოგეკითხებათ. მნიშვნელობა არ აქვს, როდის. მე არ ვსაუბრობ იმ ნაწილზე, ვისაც დაავალეს, თავისი საქმის ფარგლებში – მოგვწონს თუ არა, მოქმედებენ. ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებმაც კანონი დაარღვიეს. არსებობს აკრძალული ნივთების ჩამონათვალი კანონში და იქ არც შეშა და არც წალამი არ შედის. მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი კრძალავს ყინვაში წყლის ჭავლის გამოყენებას. მთავარი, რაც ივანიშვილმა გვითხრა, არის ის, რომ მან გადაწყვიტა, დაიცალოს ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ ყველაზე მეტად გვტკივა ადამიანები, რომლებიც გადიან ქვეყნიდან. მათ ივანიშვილმა უთხრა, წადით, მოშორდით ამ ქვეყნიდან. მას უნდა მხოლოდ თავისი მონების ქვეყანა, სადაც არაფერს უბედავენ და არ არსებობს განსხვავებული აზრი. აი, ასეთი საქართველოა ივანიშვილის საქართველო. ამ ღობეებში მოქცეული, რომლის იქით არის თავისუფალი საქართველო, შიგნით კი მონების ხროვა, რომლებიც მხოლოდ ივანიშვილს ემსახურება. კი ბატონო, იყავით გამოკეტილი ამ ლამაზ კაბინეტებში. რკინის ღობეებით ივლით მთელ საქართველოში, სხვა თქვენ არაფერი და არავინ დაგიცავთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.