გიგი უგულავა - ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან, თვითონ ნუ შევლენ იმ პარლამენტში და რაც უნდათ, ის ილაპარაკონ
ერთადერთი თხოვნა მაქვს ქალბატონ ირმასთან და მთლიანად „პატრიოტთა ალიანსთან“, თვითონ ნუ შევლენ იმ პარლამენტში და დანარჩენი რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, – ასე გამოეხმაურა „ევროპულის აქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტს ხელისუფლებასთან გარიგებად აღიქვამს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრასთან დაკავშირებით, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ისინი რეგულარულად იკრიბებიან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ პროგრესი.
„ამ ფორმატში ჩვენ რეგულარულად ვიკრიბებით, რათა გავუზიაროთ ერთმანეთს პროგრესი – სად ვართ, რას ვგეგმავთ ან რას ვაპირებთ. მოგეხსენებათ, სხვადასხვა კონიუნქტურის გამო, სხვადასხვა ფორმატი არსებობს, მათ შორის ფასილიტატორ ელჩებს ხვდებიან ის პარტიები, რომლებმაც ფორმალურად გადალახეს ბარიერი, მაგრამ პარტიების რაოდენობა, ვინც არჩევნებს ითხოვს, გაცილებით მეტია. შესაბამისად, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩვენ, ასე ვთქვათ, ინფორმაციის განახლება და რეგულარული მსჯელობა გვაქვს ხოლმე“, -განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ გუშინ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე წარდგენილი დოკუმენტი ეფუძნება იმ სულისკვეთებას, რასაც ოპოზიცია აქამდეც ახმოვანებდა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ფასილიტატორი ელჩების თხოვნაა, რომ წინადადებები, რომლებიც გუშინ ჩვენ წერილობით წარვადგინეთ, რამდენიმე დღე არ გასაჯაროვდეს. ამიტომ ჩვენ ამ თხოვნას ვასრულებთ, მაგრამ ბუნებრივია, ეს ეხება რამდენიმე დღეს, დიდ ხანს ვერ გაიწელება. ჩვენი წინადადებები სპეციალურად წერილობით წარვადგინეთ, რადგან „ქართული ოცნებისგან“ ვითხოვთ ანალოგიურ პასუხს, არა – ბრიფინგებით, არამედ კონკრეტულად რას ფიქრობენ ამ წინადადებებზე.
არსებითად წინადადებები ეფუძნება იმ სულისკვეთებას, რასაც პოლიტიკური ოპოზიცია ვახმოვანებდით. ამ კუთხით ცვლილება არ არის, უბრალოდ ჩვენ მიერ გუშინ წარდგენილი დოკუმენტი არის ერთგვარი საგზაო რუკა, როგორ მივიდეს ქვეყანა იქამდე უმტკივნეულოდ, არეულობის გარეშე, როგორ უნდა განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, სადაც შეგვიყვანა ივანიშვილმა, მას შემდეგ, რაც გააყალბა არჩევნები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.