გიგი უგულავა - ექიმები თუ გადაწყვეტენ, დაე, მოათავსონ მთავარსარდალი სამხედრო ჰოსპიტალში, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას სააკაშვილის საბოლოო გათავისუფლებისთვის
ექიმები თუ ჩათვლიან საჭიროდ, საკმარისად, აუცილებლად იმისთვის, რომ ჩვენ ისტორიული კატასტროფა თავიდან ავიცილოთ, დაე, იყოს გორის ჰოსპიტალი და მოათავსონ მაშინ მთავარსარდალი სამხედრო ჰოსპიტალში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, წუთითაც არ შეწყვეტენ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის საბოლოო გათავისუფლებისთვის.
„ჩვენ არ ვართ ექიმები. ორი თვეა, ჩვენ სწორედ იმას ვითხოვთ, რომ ეს საკითხი ამ კაბინეტში კობახიძემ და ივანიშვილმა კი არ გადაწყვიტონ, არამედ გადაწყვიტონ ექიმებმა, ექიმებმა და მხოლოდ ექიმებმა. თუ ექიმები ჩათვლიან საჭიროდ, საკმარისად, აუცილებლად იმისთვის, რომ ჩვენ ისტორიული კატასტროფა თავიდან ავიცილოთ, დაე, იყოს გორის ჰოსპიტალი და მოათავსონ მაშინ მთავარსარდალი სამხედრო ჰოსპიტალში. მაგრამ ეს გადაწყვიტონ ექიმებმა და არა კობახიძემ, არა ბრეგაძემ, არა ივანიშვილმა და მსგავსმა ვიღაცებმა, ვინც აქამდე მიიყვანეს ადამიანის ჯანმრთელობა. თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება გადაყვანილი ნორმალურ დაწესებულებაში, სადაც ის შეწყვეტს შიმშილობას, მას ექნება ადამიანური პირობები, სადაც მას ჩაუტარდება მკურნალობა და სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, ჩვენ იმ დაწესებულებას არ გავეკარებით. ჩვენ იმ დაწესებულებასთან აქციებს არ გავმართავთ. ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას, რაიმე ტიპის პროვოკაცია მოაწყოს. მეტიც – აგერ ხართ პოლიციელები და თქვენს ხელმძღვანელობას ვეუბნები – ჩვენ მზად ვართ, თითოეული აქ მყოფი ადამიანი, ყველა ჩვენ-ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფარგლებში და იმის მიღმაც, საჭიროების შემთხვევაში, თქვენ გვერდით დავდგეთ და არავის მივცეთ არანაირი პროვოკაციის საშუალება და უფლება.
ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა და ეს მკურნალობა არის ძალიან სკრუპულოზური, ძალიან სახიფათო, და მოითხოვს საკმაო დროს. ამასთანავე, მეგობრებო, ჩვენ ამ პირობას რა თქმა უნდა, შევასრულებთ, მაგრამ წუთითაც არ შევწყვეტთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის საბოლოო გათავისუფლებისთვის. მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი. ჩვენ დავინახეთ, როგორი სახიფათოა ივანიშვილის რეჟიმი. მე, ნიკას და ბევრ ჩემს კოლეგას ეს რეჟიმი ციხიდან გვაქვს ნანახი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მეგობრებო, მე ციხეშიც ვერ წარმოვიდგენდი იმ სისასტიკეს, რომლითაც ივანიშვილი ეპყრობა მიხეილ სააკაშვილს. ეს გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასაც, ეს დავინახეთ ჩვენ, ყველამ. რაც მთავარია, დაინახა მთელმა მსოფლიომ და თქვენ ნახეთ, რომ შეიძლება პირველ ეტაპზე არა, მაგრამ მთელი მსოფლიო აღდგა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ, მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ჩვენი ბრძოლაა რიგგარეშე პროპორციული არჩევნებისთვის, როგორც ერთადერთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს ქვეყანა თავისუფლებას და დემოკრატიას უნდა დაუბრუნდეს, რომლითაც აღარ იქნებიან ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები, რომლითაც ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადააგდებს ბატონყმობას, ერთპარტიულ დიქტატურას, ერთპიროვნულ დიქტატურას და დაამყარებს ნამდვილ დემოკრატიას, სადაც სასამართლო იქნება თქვენი მსახური. გაგვიჭირდა, ხომ ვნახეთ, რომ ერთადერთი, რამაც იმუშავა, სახალხო დამცველი იყო და მინდა, მადლობა ვუთხრა მას. ბევრი თქვენგანი შესაძლოა ამას არ მოელოდა, მაგრამ ამ ერთმა პატარა გოგომ მთელი ეს მალქურთების ხროვა ამოაყირავა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.