გიგი უგულავა - დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშირებით კახა კალაძემ პოლიტიკური ცვედნობა გამოავლინა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური ცვედნობა გამოავლინა და ხელი წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავა კახი კალაძეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის.
„ქართული ოცნებისა“ და კალაძის იმ დაუსრულებელ სავაჭრო ნიშანს ვხედავთ, რომ მათი ინსტიქტი მხოლოდ გადაბრალებაა. ვიდრე ისეთი ხელისუფლება გვეყოლება, რომელიც სხვას აბრალებს და პასუხისმგებლობას ვერ იღებს, მანამდე წინ ვერ წავალთ და პრობლემები ვერ მოგვარდება. მერმა ხელი გაიშვირა, თითქოს 2009 წელს კანონი შეიცვალა, თუმცა ეს კანონი კავშირში არ არის შენობის ექსპულატაციაში მიღებასა და იქ კომუნალური სერვისების შეყვანაში. კალაძემ როგორც სჩვევია, პოლიტიკური ცვედნობა გამოავლინა და ხელი წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირა. 2009 წელს ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ გაუქმდა, რომლებიც ექსპლუატაცია მიუღებელ შენობებში ცხოვრობენ. თბილისში ასეთი ადამიანი ათიათასობითაა, განსაკუთრებით დევნილები არიან. კალაძეს ვეკითხები – დევნილებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობენ, საკუთარ ფართად ვერ ირეგისტრირებენ და კომუნალური სერვისები ვერ შეჰყავდათ, ამბობთ, რომ ექსპლუატაცია მიუღებელ შენობაში მცხოვრებ ადამიანებს ჯარიმა უნდა დააკისრონ? – ანუ, ღარიბი კიდევ უნდა გააღარიბო. კანონის აღსრულების პრობლემა არსებობს, რადგან წლების მანძილზე ასეთ შემთხვევაზე არავინ დაუსჯიათ, პრობლემა ეს არის და არა კანონი, რომელიც 2009 წელს შეიცვალა. თუ კანონი არ ვარგოდა, შვიდი წელია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და შეეცვალა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი ინსტიქტია, ხელი გაიშვიროს წინამორბედისკენ, ოღონდ, დამნაშავე თავად არ იყოს. კალაძემ პოლიტიკური კინკლაობისგან ერთი დღეც კი ვერ გაძლო”, – აღნიშნა უგულავამ.
ყოფილმა მერმა ყურადღება „ყაზტრანსგაზ თბილისის“ შესაძლო გასხვისებაზეც გაამახვილა.
„გუშინ ნაწილობრივ მართალი ინფორმაცია გავრცელდა, რომ კომპანიაში კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია შესვლას აპირებს. ეს კომპანია მერვე წელია, არც მიწისაა და არც ცის. არც სახელმწიფოსია, არც – კერძოსია. კომპანიას განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია არ აქვს. გამოსავალია, სახელმწიფომ წამოიღოს და შემდეგ საერთაშორისო, გამჭვირვალე ტენდერის ჩატარება მოხდეს. მართლა ინვესტორის შეყვანა მოხდეს და არა ხვიჩა მაქაცარიას, რათა კომპანია განვითარდეს და თანამშრომლები საკუთარ საქმეს გულგრილად აღარ ეკიდებოდნენ. თუ ხვიჩა მაქაცარია კომპანიის უკან აღმოჩნდება, მაშინ თბილისელებმა უნდა იცოდეთ, რომ კომპანია კალაძის საკუთრებაში იქნება, რადგან მაქაცარია მისი პარტნიორია ბიზნესში. კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრი იყო, მან „ყაზტრანსგაზის“ ავანჩავანი და შინაარსი იცის, როგორც ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა. დადასტურებული არ არის, მაგრამ მოლაპარაკება მიდის, რომ კომპანია ხვიჩა მაქაცარიას მიყიდონ”, – განაცხადა უგულავამ.