გიგი უგულავა - დღევანდელი გადმოსახედიდან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილებას არ მივიღებდი
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
„დღეს რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. არა იმიტომ, რომ ეს გადაწვეტილება არ არის სამართლებრივად და კანონის შესაბამისად სწორი, აქ დგას მიზანშეწონილობის საკითხი. გამოვლინდა კიდეც, რომ ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორი იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში თბილისის მერიისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, ეს არის ფარისევლობა და ხალხის მოტყუება. კალაძე ატყუებს ხალხს, როდესაც ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ სასტუმროს მშენებლობაზე გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვა არის ძალიან დიდი დანაშაული თბილისისა და თბილისელების წინაშე. ამასთან, კალაძის თქმით, „კორუმპირებული გიგი უგულავა ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი“.