გიგი უგულავა - დარწუნებული ვართ, პომპეოს ჩამოსვლის დღეს თბილისის ცენტრალური პროსპექტები ადამიანებით გადაივსება
დარწუნებული ვართ, რომ თბილისის ცენტრალური პროსპექტები გადაივსება ადამიანებით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სატკივარით გამოდიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის დღეს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც უგულავამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პომპეოს ჩამოსვლის დღეს განსხვავებული აქცია გაიმართება.
„შევიკრიბეთ, რომ გეგმები, რომლის შესახებაც გუშინ საზოგადოებას განვუცხადეთ, განვიხილოთ. ეს არის საორგანიზაციო შეხვედრა. ჩვენი მომდევნო აქცია იქნება, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ჩამობრძანდება საქართველოში. ეს არის განსხვავებული აქცია, იქნება მდუმარე, სტიკერებს დააკრავენ ადამიანები, რომელსაც ეწერება-გაყალბებულია. სოციალური დისტანციის დაცვით, დარწუნებული ვართ, რომ თბილისის ცენტრალური პროსპექტები გადაივსება ადამიანებით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სატკივარით გამოდიან-გაყალბებული არის თუ არა არჩევნები. ვინც თვლის, რომ გაყალბებულია, გამოდით და დააფიქსირეთ. მიუხედავად იმისა, გვერდზე, მარჯვნივ, წინ თუ უკან რომელი ადამიანი მოგწონს, თუ არ მოგწონს, მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი და პარტია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არანაირი ამბიცია არ გვაქვს, რომ შევცვალოთ ან დავაკორექტიროთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დეტალები, ეს არ შედის ჩვენს გეგმებსა და კომპეტენციაში. დარწუნებული ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა ამ თვალსაზრისით ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა უგულავამ.
საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.