გიგი უგულავა - ვაიძულებთ ხელისუფლებას, წამოვიდეს იმ თამაშის წესზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში წერია
დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივაღწევთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, წამოვიდეს იმ თამაშის წესზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი პროპორციული წესით ირჩევს პარლამენტს.
„კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში წერია, რომ 2020 წლის შემდეგ სხვა საპარლამენტო არჩევნები იქნება პროპორციული. ანუ, ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება კონსტიტუციის საპირისპიროდ, რომ 2024-მდე მაცადეთ, უნდა მოვიპაროთ, გავწელოთ დრო, ჩვენი ხალხი დავნიშნოთ სასამართლოში, ყველაფრის უზურპაცია მოვახდინოთ. ჩვენ ვეუბნებით – არა, რაც წერია კონსტიტუციაში, ის უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს 2020-ში“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, უკვე შეგროვდა 300 ათასზე მეტი ხელმოწერა და ეს პროცესი გაგრძელდება.
“ჩვენ დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს, ეს არის საჯარო განხილვები და საკმაოდ გრძელი პროცედურაა. ჩვენი ამოცანაა, რომ კანონით დადგენილი ყველა პროცედურა გავლილი იყოს. პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი, თუ ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტის მიმართ იყოს ნდობა. პარლამენტის მიმართ თუ არ არის ნდობა, როგორც დღეს, მათი დანიშნული მოსამართლეები იქნებიან მონსტრები, შესაბამისად, თუ არ იქნება სასამართლო, თუ არ იქნება ლეგიტიმური პარლამენტი, ჩვენ გვექნება სახელისუფლო კრიზისი და ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ადამიანების კეთილდღეობას. პროპორციული არჩევნები დღეს ნიშნავს განვითარებას, პროგრესს და 2024 გადატანილი ნიშნავს ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ბაირამობის გაგრძელებას. აი, ასე დგას საკითხი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივაღწევთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, წამოვიდეს იმ თამაშის წესზე, რომელიც წერია საქართველოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.