გიგი უგულავა - არჩევნების მეორე ტურში ჩვენი კანდიდატის გასვლის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მას მხარს დაუჭერს, თუ ენმ-ს კანდიდატი გავა, ჩვენ დავუჭერთ მხარს
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველოს” კანდიდატის გასვლის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს, ხოლო თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავა, მხარდაჭერის ვალდებულებას ჩვენ ავიღებთ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„საქმე მარტივადაა, ორი პარტია შეთანხმდა იმაზე, რომ მათ თავ-თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლებათ. “ევროპულ საქართველოს” თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება და სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, 50%-იანი ბარიერი საშუალებას იძლევა, ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა თავისი ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს, რაც არჩევნებზე მეტი ამომრჩევლის მოსვლას ნიშნავს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ 50%-ზე ქვევით გარანტირებულად ჩამოვარდეს. მეორე ტურში ის გავა, ვის გასვლასაც საპროტესტო ამომრჩეველი გადაწყვეტს და ჩვენ ვალდებულები ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა უგულავამ.
როგორც უგულავამ აღნიშნა, საპროტესტო ელექტორატის გაერთიანება მხოლოდ მეორე ტურში იქნება შესაძლებელი.
„ქართულ ოცნებას“ 2016 წელს 48% ჰქონდა, 2017-ში კი – 53%. ანუ, სადღაც, 50%-თან არის ახლო და თუ ამომრჩეველმა დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ სადღაც 40%-იანებში ჩამოვაგდეთ, მომენტი სწორედ ამ ვითარებაში იქმნება. ოპოზიციურ ფლანგზე წინ ლეგიტიმური ადამიანი წამოვა. ის, ვინც ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს“, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, “ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თანხმდება იმაზე, რომ ეს გაერთიანება არ არის და ორივე პარტიას თავისი გზა აქვს, მაგრამ თვითშეზღუდვა დაიწესეს, რომ ფოკუსირდნენ არა ერთმანეთის განსხვავებებზე, არამედ ხელისუფლებაზე, მის ნაკლოვანებებსა და იმ პრობლემებზე, რასაც ხელისუფლება მოსახლეობას უქმნის.
„ჩვენ იმიტომ გავიყავით, რომ სხვაგვარად ყოფნა შეუძლებელი იყო, რადგან მსოფლმხედველობრივად, მიუღებელია ის ფორმები და ნიშა, რაც ჩვენმა ყოფილმა კოლეგებმა დაიკავეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.