გიგი უგულავა - არ მოიძებნება თბილისელი, რომელიც იტყვის, მოვიყვან ბავშვს პარლამენტის შენობასთან, გავახარებ და ზაზა სარალიძე წავიდეს, სადღაც შეიჩურთოს
გიგი უგულავა - არ მოიძებნება თბილისელი, რომელიც იტყვის, მოვიყვან ბავშვს პარლამენტის შენობასთან, გავახარებ და ზაზა სარალიძე წავიდეს, სადღაც შეიჩურთოს

არ მოიძებნება თბილისელი, რომელიც იტყვის – მე მოვიყვან ბავშვს პარლამენტის შენობასთან, გავახარებ და ზაზა სარალიძე წავიდეს, სადღაც შეიჩურთოს, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა.

​„მინდა, რიგით პოლიციელებს ვუთხრა, ეს არ არის რიგითი შემთხვევა, თქვენ არღვევთ კანონს და რაც მთავარია, ამის შემდეგ გაგიჭირდებათ უბრალო ადამიანის უფლების დაცვა. თქვენ აღარ გამოდგებით პოლიციაში მსახურებისთვის. ამიტომ დაუფიქრდით, რას აკეთებთ. შეიძლება, ხელმძღვანელობამ ათასნაირი დავალება მოგცეთ, რომელიც ახლა აგონიაშია და ათას სისულელეს აკეთებს. მინდა, მივმართო ქალაქის მერს, მისი საქმე არ არის ის, რაშიც არის ჩარეული. არ დადის ამ ქალაქში ადამიანი, რომელიც თავისი ბავშვის სიხარულს, რომელიც ახალი წლით არის განპირობებული, ზაზა სარალიძის ტკივილს არ გაიზიარებს, ეს ტკივილი და სიხარული ერთმანეთს ხელს არ უშლის. არ მოიძებნება თბილისელი, რომელიც იტყვის – მე მოვიყვან აქ ჩემს ბავშვს, გავახარებ და ზაზა სარალიძე წავიდეს, სადღაც შეიჩურთოს. ასეთი ადამიანი არ დადის, მათ შორს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებშიც, ამიტომ უნდა დაფიქრდნენ რას აკეთებენ“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ახალი წლის ღონისძიებები ზაზა სარალიძის პროტესტს არ უშლის ხელს.

„ახალი წლით გაამართლო, რასაც ახლა აკეთებ, არის წარმოუდგენელი. მთავარი შეცდომა რასაც უშვებენ, მათ შეუძლიათ, ზომონ ხალხის რაოდენობით პარტიული ღონისძიებები, მათი ან ოპოზიციის მოწყობილი აქციები და აქ ადამიანების სიმრავლე თუ სიმცირე, ნუ შეიყვანთ შეცდომაში. ოჯახი არ დადის ქვეყანაში, რომელსაც ზაზა სარალიძის ტკივილი არ ადარდებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე არ მისულა, როგორც პოლიტიკოსი.

„ის, რაც აქ ამ წუთას ხდება, პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. მე აქ არ ვარ მოსული, როგორც პოლიტიკოსი. მე აქ მოსული ვარ, როგორც ამ ქალაქში მცხოვრები, როგორც მამა, რომელსაც უნდა, რომ მისი შვილები ნორმალურ ქვეყანაში გაიზარდოს. ტრაგედიები შეიძლება ყველგან მოხდეს, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არის, რომ ამ ტრაგედიაზე შესაბამისი რეაგირება იყოს“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.