გიგი უგულავა აცხადებს, რომ აქციების დროს აიკიდოს მეთოდს გამოიყენებენ
გიგი უგულავა აცხადებს, რომ აქციების დროს აიკიდოს მეთოდს გამოიყენებენ

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ პარლამენტისკენ მსვლელობისას ჟურნალისტებთან ოპოზიციის მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

უგულავას თქმით, მთავარი მოთხოვნა არის რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარება.

„არ დავუშვებთ, რომ ივანიშვილმა მიიტაცოს ქვეყანა. ყველამ დავინახეთ, ივანიშვილმა, შიშის გამო, რომ არ დაკარგოს ხელისუფლება, საკუთარი დანაპირები ალოკა. ამის შემდეგ უტიფრად ლაპარაკობს, რომ ხალხს არ დავპირებივარო. ასეთი უსინდისობა უთხრა ელჩებს“ ,- განაცხადა უგულავამ და აქვე დასძინა, მშვიდობიანი გზით იბრძოლებენ მიზნების მისაღწევად.

ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ აქციების დროს აიკიდოს მეთოდს გამოიყენებენ.

„პოლიცია თუ დადგება იქ, აიკიდოს მეთოდი არსებობს – მოწინააღმდეგის ენერგია უნდა გამოიყენო. თუ პოლიცია ჩაუხერგავს გზას იმ უსინდისო, გაქსუებულ, ფეოდალ მაჟორიტარებს, ჩვენც იქვე დავდგებით. ჩვენი ამოცანაა, მათ არ მივცეთ მშვიდი მუშაობის საშუალება“ ,- აღნიშნა გიგი უგულავამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც აქცია გაიმართება.