გიგი უგულავა - 18 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის ისტორია, დღეს არ აცალეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები
ოდესღაც, 18 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია, დღეს მას არ აცალეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, მეტს არაფერს იმსახურებთ, – ამის შესახებ გიგი უგულავამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, 18 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან და დღეს თავისუფალ თაობას ისტორიას ართმევენ.
„დღეს გეუბნებიან, ვითომ არაფერი არ მომხდარა, გეუბნებიან, ორმა ადამიანმა იქ მოინდომა და სახელმწიფო სუსტი იყო. არა მეგობრებო, საქართველოს სახელმწიფომ მისი ხალხის სახელით მაშინ მოახდინა ცვლილება და ამ ცვლილებას ჰყავდა მთავარი ჩემპიონი, ლოკომოტივი, რომელიც პუტინმა, ივანიშვილმა დღეს ციხეში გამოკეტეს. არა, არ მოხდება ეს, არ იქნება ეს, ნინევია დაინგრევა და საქართველო აღდგება. მან მოგვცა თავისი ქმედებით, დიახ, ამაში იყო სიმსუბუქეც, ამაში იყო ბავშვურობაც და ამაში იყო ისტორიზმიც. დიახ, ზუსტად ისე ჩამოვიდა, როგორც უნდა ჩამოსულიყო. ზუსტად ისე იარა ყველა ქალაქში, როგორც უნდა ეარა, ასე იქცევიან ისტორიული პიროვნებები და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, ქირქილს ადამიანზე, რომელიც შიმშილობს, თაფლის ქილების თვლა, მაშინ თავად, როდესაც შარდი დააქვთ წინ და უკან, სირცხვილია. ამ სირცხვილს ქართული საზოგადოება არ მიიღებს. დიახ, თუ ეს საპატიო სახელია, დაე, იყოს ისიც მიშას კუთვნილება. ჩვენ ვიბრძვით, რათა ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი. ეს ნიშნავს, რომ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო, სადაც ვერავინ დაგჩაგრავს, შენს სიმართლეს იტყვი და დაამტკიცებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები, როდესაც მოიგებ, არ გაგიყალბოს ვიღაცა ფურცლიანმა კოორდინატორებმა და სუს-ის მოგზავნილმა აგენტებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არავის აღარ მოუსმენენ, სულში არ ჩაუძვრებიან, ოჯახს არ წაუბილწავენ, აღსარებას არ მოუსმენენ და მერე არ დააშანტაჟებენ. დიახ, ასეთი საქართველო გვინდა, თუ რამე ვერ გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ თავის დროზე, დღევანდელი დღე იყოს პატიების დღე, მაგრამ ამავე დროს იყოს დიდი გამარჯვების დასაწყისი, რადგან პატიება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობაც და ამ ქვეყნის მომავალიც.
„ვუსურვოთ მიშას თავისუფლება, დღეს ის თავისუფალია ჩვენზე მეტად. ოდესღაც, 18 წლის წინ მან დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცალეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, რადგან მეტს არაფერს იმსახურებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.