გიგა მაქარაშვილი - საპატრიარქოს, ისევე როგორც სხვა ჯგუფებს, აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი მშვიდობიანი გზით, 5 ივლისს „პრაიდი“ აუცილებლად ჩატარდება
საპატრიარქოს, ისევე როგორც სხვა ჯგუფებს, აქვს სრული უფლება, რომ გამოხატოს საკუთარი პროტესტი მშვიდობიანი გზით, – ამის შესახებ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, 5 ივლისთან დაკავშირებით გეგმები არ შეიცვლება.
„საპატრიარქომ თუ 5 ივლისს გადაწყვიტა და ზუსტად იმ ადგილას სურთ აქციის ჩატარება, კი ბატონო, არამგონია საპატრიარქო ვინმეს საცემად მოდიოდეს ან ვინმესთვის ზიზღის გადმოსანთხევად. თუ მოდიან სიყვარულით და გაშლილი ხელით, იქაც ზუსტად ასეთივე ადამიანები დახვდებიან, სიყვარულით სავსეები, ხელგაშლილები, ფერადები და თავისუფლები. 5 ივლისს ეს პრაიდი აუცილებლად ჩატარდება. გეგმების არ შევცვლით, რადგან არაფრის დაშავებას არ ვაპირებთ, არც საპატრიარქოსთვის არც ქალაქისთვის. ვითხოვთ იმ ადამიანების უფლებების დაცვას, ვინც სისტემისგან არის დაჩაგრული. ამაში თუ ხელს შეგვიშლის საპატრიარქო, მაშინ საზოგადოებას ხელისუფლებისთვის ექნება სათქმელად, სიყვარულს რომ უნდა ქადაგებდეს ის ეკლესია, როგორ იქცევა. დიდი იმედი მაქვს, საპატრიარქოს ეყოფა გონიერება და თავის მრევლს არ დაგეშავენ, რომ ადამიანები სცემონ“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პროტესტი, 5 ივლისს შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ღირსებას ვიცავთ“.