გიგა ბუკიამ გიორგი მიქაუტაძეს მიმართა - თქვენი გადაწყვეტილებით სახლი გამიყიდეს, თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს კარგად გვახსოვს
თქვენი გადაწყვეტილებით სახლი გამიყიდეს, თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს კარგად გვახსოვს, – ასე მიმართა უმრავლეოსბის დეპუტატმა, გიგა ბუკიამ გიორგი მიქაუტაძეს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
გიგა ბუკიამ აღნიშნა, რომ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატურაზე გიორგი მიქაუტაძეს მხარს არ დაუჭერს.
„ბრალმდებელი ბრალს მიყენებდა მე, გიგა ბუკიას, რომ თანხა გადავურიცხე „ქართულ ოცნებას“ და შემოწირულობა გავაკეთე. იმ დროს ოპოზიციაში ვიყავი, 35 000 ლარი გადავრიცხე და თქვენ მოგიტანეთ დოკუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ჩანიშნეთ სასამართლო, წინასწარ მზად ვიყავი ამისთვის, წინასწარ მქონდა საბანკო ამონაწერი გამზადებული, მოგიტანეთ და განახეთ, რომ მქონდა სადღაც 60 000 დოლარზე მეტი საბანკო ანგარიშზე და იქიდან გადაირიცხა ეს თანხა. თქვენ მე დამაჯარიმეთ 177 000 ლარით. რით ისარგებლეთ ამ შემთხვევაში, ჩემი მტკიცებულება რატომ არ მიიღეთ მტკიცებულებად“, – მიმართა გიგა ბუკიამ გიორგი მიქაუტაძეს.
ამასთან, ბუკიამ მიქაუტაძეს შეახსენა ზაალ გოგსაძის საქმე, რომელსაც 12 000 ლარი ჰქონდა შეწირული და ამ დროს ხელფასის სახით ბოლო ორ წელიწადში ჰქონდა 270 000 ევრო აღებული.
„თუ გინდათ, გაგახსენებთ იმ მომენტს, როცა გითხარით – არ მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც წინ დაგხვდებათ და 270 000 ევროს ხელფასი ჰქონდა მიღებული, ელჩად მუშაობდა და სხვადასხვა უწყებებში, 12 000 ლარის შეწირულობის გამო დააჯარიმეთ“, – აღნიშნა ბუკიამ.
გიგა ბუკიას მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ დეპუტატი მას ეკითხებოდა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მას აქვს მიღებული 17 პირის მიმართ, თუმცა კონკრეტული პირები არ ახსენდება.
გიგა ბუკიამ აღნიშნა, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამო, მას სახლი გაუყიდეს.
„მე სახლი გამიყიდეს, ბატონო გიორგი, თქვენი გადაწყვეტილებით, თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს კარგად გვახსოვს“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.
მიქაუტაძის განცხადებით, გადაწყვეტილებაში მისი დასაბუთება მითითებულია. ამას არ დაეთანხმა ბუკია.
„არ არის მითითებული, თქვენ არ საუბრობთ, რომ საბანკო ამონაწერები განიხილეთ. საქალაქოს თავმჯდომარედ რომ დაინიშნეთ, მოვიდნენ ჩემთან ჟურნალისტები. არსად მიხსენებიხართ და არ მითქვამს, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხია, შიგნით რა ხდება, მაგრამ თქვენ მოხვედით პარლამენტში და უკვე ჩვენგან ითხოვთ ხმას და მხარდაჭერას. მე არ ვითხოვდი თქვენგან მხარდაჭერას, თქვენგან უბრალოდ მარტივ რაღაცას ვითხოვდით, რომ თუნდაც პატარა ნათელი გამოჩენილიყო იმ რეჟიმის დროს. მე არც იმ დროს ვნანობ და ვთვლი, რომ სწორად გავაკეთე, რაც გავაკეთე, მიგეღოთ თქვენ სწორი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, თქვენ შანსი ხელიდან გაუშვით, ბატონო გიორგი. მე ძალიან გული მწყდება, რადგან ვხედავ, ახალგაზრდა, მართლა ნიჭიერ ადამიანს. თქვენ რომ თავში გეხსენებინათ, რომ თუნდაც რაღაც გადაწყვეტილების დროს რაღაც ზეწოლას ვერ გაუძელით, ეს იქნებოდა ბევრად ღირსეული ნათქვამი და ჩემი მხრიდან შეიძლება, სხვანაირი შეფასებები ყოფილიყო და ეს კითხვები არ დამესვა. ეს გადაწყვეტილება თქვენ დღეს მეორეჯერ მიიღეთ იმ დროს, შანსი უკვე მეორეჯერ გაუშვით.
მე მადლობა მინდა მოვახსენო კომიტეტს, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა და არ გაგიკვირდეთ, რომ დღეს გარკვეულ მოსამართლეებთან არის ეს კითხვები და ამ დროს სასამართლოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იმსახურებს ჩვენგან სრულ მხარდაჭერას, თანადგომას და მე ვხედავ უკვე, ამ პროცესში არიან მოსამართლეები, რომლებსაც მე თამამად დავუჭერ მხარს, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში მხარდაჭერას არ მიიღებთ“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.
გიგა ბუკიას ამ განცხადებას გიორგი მიქაუტაძემ მოკლე კომენტარით უპასუხა.
„ეს თქვენი შეფასება არის და გაქვთ ამის უფლება“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.