გიგა ბუკია - ვერ ვხედავ რესურსს, დავრჩე უმრავლესობაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა კახა ოქრიაშვილს აღმოაჩნდა
მე ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას, ვინაიდან ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს, დავრჩე და გავაგრძელო მოღვაწეობა იმ უმრავლესობაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა კახა ოქრიაშვილს აღმოაჩნდა, – ამის შესახებ ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა.
მისი თქმით, 40-მდე დეპუტატმა, თავის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
„ვნახეთ მოცემულობა, რომ 40-მდე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა თავის მიერვე ინიცირებულ კანონპროექტს. მახსოვს პერიოდი, რომ ისინი აშკარა წინააღმდეგ გამოდიოდნენ, შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა მათი გადარწმუნება, შემდეგ კი, დადგა ის, რაც დადგა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაცემული პირობების დაცვა, ჩვენ, „კონსერვატორები“ მუდამ ვიცავდით და დავიცავთ ჩვენს მიერ საზოგადოებისთვის გაცემულ დანაპირებს და არავითარ შემთხვევაში, პირადი თუ პოლიტიკური ინტერესის გამო, ჩვენს ნათქვამზე უარის თქმას არ ვაპირებთ“, – განაცხადა დეპუტატმა, გიგა ბუკიამ.
ამასთან, მისი თქმით, არ ყოფილა არანაირი კონსულტაცია სხვა დეპუტატებთან, რომლებმაც უმრავლესობა გუშინ დატოვეს.
„ჩვენ „კონსერვატორები“ ვრჩებით პარლამენტში, ვაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკური გეგმის მიხედვით, დავგეგმავთ, ჩამოვყალიბდებით და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს გეგმებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მან განმარტა, პარლამენტში წარდგენილმა ყველა „კონსერვატორმა“ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„ჩვენი პარტიის ოთხი წევრი ვიყავით ფრაქციაში, ორი არ იყო ჩვენი პარტიის წევრი, ასე რომ, მათი გადაწყვეტილებაა, ერთმა დაუჭირა, მეორემ არ დაუჭირა მხარი, პარტიის პასუხისმგებლობა აქ ნაკლებად არის. ცვლილებებს ყველა „კონსერვატორმა“ დაუჭირა მხარი, ვინც პარლამენტში ვართ წარმოდგენილი“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.
საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.