გიგა ბუკია - მძიმე ნარკოტიკის მოხმარება უნდა დარჩეს, როგორც კრიმინალი
ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ საქართველოში მძიმე ნარკოტიკის მოხმარება კვლავ უნდა ფასდებოდეს, როგორც კრიმინალი.
როგორც ჟურნალისტებს ბუკიამ განუცხადა, მისი ფრაქცია მხარს ისეთ კანონპროექტს დაუჭერს, რითაც ქვეყანაში ნარკოტიკების რაოდენობა და ხელმისაწვდომობა შემცირდება, შესაბამისად, ნარკომომხმარებელთა რაოდენობაც.
„მომხმარებლის მიმართ მკურნალობა და ლიბერალური მიდგომა უნდა იყოს, ნარკოგამსაღებლების მიმართ კი, მკაცრი პოლიტიკა გატარდეს. არ ვამბობთ, რომ მომხმარებელი ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ დეკრიმინალიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ციხეში არ უნდა წავიდეს, ამ თვალსაზრისით მთელი რიგი შეზღუდვებია. ნარკომომხმარებელს მართვის მოწმობა არ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობთ, მძიმე ნარკოტიკის მოხმარება უნდა დარჩეს, როგორც კრიმინალი, ხოლო ციხეში გაშვების ბევრი ალტერნატიული სასჯელია, მათ შორის მკურნალობა“, – აცხადებს დეპუტატი.
გიგა ბუკია ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ავტორების ახალ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ნარკომოხმარებლის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პირველივე ფაქტზე აღიძრება, მაგრამ მას გადარწმუნების კომისიაში გადაამისამართებენ და პირველ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე შეჩერდება.
„რაც თქვენ თქვით, ეს მხოლოდ მოყოლით ვიცით. ველოდები, კანონპროექტს, რომელიც ფურცელზე იქნება დაწერილი და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ბუკიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება. შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმსჯელებენ. სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.