გიგა ბოკერია - საზოგადოებამ მადლობა უნდა უთხრას ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეების განმავლობაში პარლამენტთან იდგა
გიგა ბოკერია - საზოგადოებამ მადლობა უნდა უთხრას ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეების განმავლობაში პარლამენტთან იდგა

ყველა მოქალაქეს, რომელიც იდგა პარლამენტთან მთელი თვეების განმავლობაში, მადლობა უნდა უთხრას საზოგადოებამ, რადგან მათი მშვიდობიანი პროტესტის შედეგად, ბიძინა ივანიშვილს მოუწია  პროპორციულ არჩევნებზე დაპირება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიას თქმით, საზოგადოების კრიტიკული მასა თავისუფლებისთვის და ქვეყნის უკეთესი  მომავლისთვის გაერთიანდა.

„აქტივისტების გადასაწყვეტია, როგორ ტაქტიკას მიმართავენ. თავისთავად, ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იქ იდგა, განსაკუთრებით 20 ივნისის  ღამეს და შემდეგ მთელი ეს თვეები, მადლობა უნდა უთხრას ჩვენმა საზოგადოებამ, რადგან მათი მშვიდობიანი პროტესტის შედეგად იქნა  მოპოვებული მნიშვნელოვანი შედეგი – ივანიშვილს მოუწია დაპირება ძალიან მსხვილ დათმობაზე, პროპორციულ არჩევნებზე. ჯერ უნდა გაფორმდეს ბოლომდე, მაგრამ მაინც ეს დიდი ნაბიჯი იყო. მეორე – მთელი ეს აქცია და ეს ამბავი იყო დიდი დარტყმა რუსული, პუტინის პროპაგანდისთვის ჩვენი ქვეყნის შიგნით, სადაც ისინი ცდილობდნენ, აეგორებინათ პროტესტი დასავლური ცივილიზაციის, თავისუფლების წინააღმდეგ, თითქოს ჩვენი ტრადიციების მიმართ საფრთხის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად, ქართულმა საზოგადოებამ აქტივისტების მეთაურობით აჩვენა, რომ რაზეც ერთიანდება კრიტიკული მასა საზოგადოების, არის ჩვენი თავისუფლება და ადგილი თავისუფალ სამყაროში, ის დაუპირისპირდა ყველანაირ ხელისუფლებას, რომელიც მათი აზრით და ჩემი აზრითაც, საფრთხეს შეუქმნის  მომავალს“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გუშინ პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა, რომელშიც რამდენიმე პოლიტიკურის პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერებიც მონაწილეობდნენ.