გიგა ბოკერია - ვუსმინე ივანიშვილის ორდენის გამორჩეული რაინდის, კახა კალაძის გამოსვლას და გადაგაგდეთ, მაგრამ მერე რაო
ფუნდამენტური საკითხია საზოგადოებისთვის, რომ დიდი ფასი დაუჯინოს ხელისუფლებას და აიძულოს, უგუნური და თავხედური ნაბიჯი უკან წაიღოს, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებაზე.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მმართველ გუნდს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ჰქონდეს.
„ვუსმინე ახლა კალაძის, ივანიშვილის ორდენის გამორჩეული რაინდის გამოსვლას. გადაგაგდეთ, მაგრამ მერე რაო. თან იმეორებენ, არც ერთ არჩევნებში არ გვეშინია არაფრისო, თან ამბობენ, რომ აი, დავითვალეთ, ვაგებდით და ამიტომ აღარ მივიღეთ პროპორციულიო. ეს ბრაზის ლეგიტიმურობა არსად გაქრება, გადაიზრდება უფრო მწვავე პროტესტში და ახლო მომავალში დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის მარცხით“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი აღარ აპირებს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივის განხილვას და მოუწოდა ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის.