გიგა ბოკერია - ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს, ხელისუფლებამ გამოიყენოს საბაბი და არჩევნების გადადება შეძლოს, არჩევნები იქნება ოქტომბერში
„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, იმედი აქვს, საგანგებო მდგომარეობისა და საფრთხისშემცველი ფაზის დასრულების შემდეგ, არჩევნების ჩატარებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.
ამ კომენტარით ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
„ქალბატონ ზურაბიშვილის შემთხვევაში, რთულია ხოლმე პროგნოზირება. ვერ გამოხატა აზრი, თუ რამეს გულისხმობდა. რაც მან თქვა, ის სიმართლეს არ შეეფერება. არანაირი ამ ტიპის შეზღუდვა არ არსებობს არსად ქართულ კანონმდებლობაში. იმედი მაქვს, ერთი თვის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება და ეს ყველაზე დიდი საფრთხისმომცველი ფაზა რომ გადაივლის, ამის შემდეგ ამის გაგრძელება საჭირო აღარ იქნება და არჩევნებს არანაირი პრობლემა არ შეექმნება.
ამიტომ მის სიტყვებს ვერანაირად ვერ დავეყრდნობით. თუ მართლა ისეთი მძიმე მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში და აქედან გამომდინარე საქართველოშიც, რომ არჩევნების ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელია, ეს ყველასთვის გასაგები იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაგ დროისთვის ეს ასე არ იქნება. ამ საბაბით არჩევნების გადადება ხელისუფლებას არცერთ შემთხვევაში არ გამოუვა. ამიტომ ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება.
ვერ გამოხატავს აზრს, არ იცის. ჩვენ აქ არაფერი არ უნდა ვივარაუდით. ჩვენი, საზოგადოების პოზიცია მყარი უნდა იყოს. ახლა მთელი მსოფლიოს მთავარი ფოკუსია ამ უმძიმეს გამოწვევაზე. ამასთან ერთად, ეკონომიკის უზარმაზარი პრობლემა გვაქვს, რაც ამან ბუნებრივად გამოიწვია, სადაც ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში გადაივლის და არჩევნები ჩატარდება. ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებამ საბაბად გამოიყენოს, თუ რეალური ვითარება არ არის, და შეძლოს არჩევნების გადადება. არჩევნები ოქტომბერში იქნება“, – აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, საგანგებო მდგომარეობის შესახებ ბრძანების წარდგენისას იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება საგანგებო მდგომარეობის დასრულება იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად.