გიგა ბოკერია - ვეკითხები პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ნორმალურია რელიგიური საბაბით ფანატიკოსების მიერ მთელი ქვეყნის მძევლად ყოფნა?
ვთხოვ პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენელს, გვითხრან, რას აპირებენ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში განსხვავებულად იმისა, რაც აქამდე ხდებოდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, გაუგებარია საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი რიტორიკა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობაზე მხარდაჭერას ითხოვენ.
„რას უნდა დავუჭიროთ მხარი? რა წარმოგვიდგინა დღეს პრეზიდენტმა, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რაზე ისაუბრეს თქვენმა კომიტეტის თავმჯდომარეებმა, რის მხარდაჭერაზეა ლაპარაკი? იმის, რასაც ორი დღის მერე გეტყვიან თქვენც? ან საიდუმლოდ იცით, რას აპირებენ და ჩვენ არ გვეუბნებით. აქ ყველაფერზე იყო ლაპარაკი – სადღეგრძელოები, საკუთარი თავის ქება, ივანიშვილის პიროვნების კულტის განდიდება ასლან აბაშიძეზე მეტად, ისე, რომ არ დაესიზმრებათ. ქალბატონმა კილაძემ გამოიჩინა თავი ისევ. ოპოზიციისა და ოპონენტების ლანძღვა – გავიგე ეს ყველაფერი. ერთადერთ რამეზე არ იყო ლაპარაკი, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში რა უნდა მოხდეს? რატომ უნდა მოხდეს და რატომ არ უნდა მოხდეს? რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელმაც ხელფასი დაკარგა? პრეზიდენტსაც ვეკითხები, ადმინისტრაციის წარმომადგენელს, უმრავლესობის ლიდერებსაც – ადამიანმა სამსახური დაკარგა, მშობლები ჰყავს ქალაქის მეორე ბოლოში, როგორ მოინახულოს? ორ გზას აკეთებს, რომ ბავშვებს უკან ვერ დასვამს, შემთხვევით ცოლი დაუჯდა გვერდით და დააჯარიმეს 3000 ლარით. მის გვერდით რელიგიური ფანატიკოსი ჩვეულებრივად დადის აქეთ-იქით და ამას აჯარიმებენ. ახლა საერთოდ მანქანაც აღარ ჰყავს. რამდენიმე კილომეტრშია პურის მაღაზია და აფთიაქი, ამ ადამიანმა რა ქნას? დანაზოგი უმთავრდება, იმედი ჰქონდა და ეს ჩვენი კამპანია იყო, საპენსიო ფონდში რასაც რიცხავდა მთელი ეს თვეები და ოჯახს დაუგროვდა, იმას დაუბრუნებდნენ, ამაზეც პასუხი არ აქვს, მის ფულს არ უბრუნებენ, რა ქნას? „სუფთა სახლი“ რომ ავიღოთ, ის დახურეს რატომღაც და მისი კონკურენტი არა. არავინ პასუხს არ აძლევს, რა კრიტერიუმებით მოხდა ეს განსხვავება. ამ ადამიანმა რა ქნას? ამაზე პასუხი გაეცით, გადასახადებზე რას აპირებთ? საპენსიო თანხა ხომ შავი დღის ფულია? ეს ხომ შავი დღეა ამათთვის, რატომ არ აძლევთ შანსს, რომ დაიბრუნონ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიამ უმრავლესობის დეპუტატ სოფო კილაძეს მიმართა და აღნიშნა: „ქალბატონ კილაძეს ვერ გავექცევი, საარჩევნო კამპანია არ უნდა იყოსო და ახლაც შავრაზმული თემებით სპეკულირებას რატომ არ ამთავრებთ“.
მისივე თქმით, არ არის ნორმალური, რომ „რელიგიური საბაბით ფანატიკოსებს ქვეყანა მძევლად ჰყავდეთ“.
„ახლა რომელიღაც პარტიამ რომ თქვას, მისი ლიდერი არის მისი რელიგიური კერპი, პარლამენტის წინ რომ შეიკრიბონ, დალოცონ ეს კერპი და მერე ერთი სასმისით დალიონ ღვინო, უნდა დავაჯარიმოთ თუ არა? არის ეს დარღვევა თუ არა? აბა, ჩვენ გვიტევთ კიდევ ამ თემით? იმის მაგივრად, რომ ერთად გვქონდეს გზავნილი – ხალხო, ამას ნუ შვრებით, აქ კამპანიას ეწევით შავრაზმულს? ეს ნორმალურია ახლა? ვეკითხები პრეზიდენტსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც – ნორმალურია რელიგიური საბაბით ფანატიკოსების მიერ მთელი ქვეყნის მძევლად ყოფნა? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ეს აბსურდი, მანქანებით გადაადგილება იმიტომ აკრძალეთ, რომ პოლიტიკური ნება არ გეყოთ. ეს ხომ ყველამ ვიცით? სირცხვილია ეს ყველაფერი, კონკურენტები ყოველთვის კონკურენციაში არიან, ეს ნორმალურია, თქვენ რომ ჩვენ გვაკრიტიკოთ, ესეც ნორმალურია. ვთქვათ, რომ ჩვენ სწორი გეგმა გვაქვს, ეს ნორმალურია, ეს ხდება ყველგან, მსოფლიოში, ოღონდ ეს ამბავი რომ თან გინდათ, რომ რელიგიის და ეკლესიის მტრები ხართო, თან თქვენ თვითონ შეშფოთებულები ხართ, ეს არ უნდა მოხდეს. ყველაფერი ერთად გინდათ, თან პიროვნების კულტი გინდათ, თან ლანძღვა. გეშინიათ ორ დღეში გეგმას რომ მოიტანენ, ერთდროულად ურთიერთგამომრიცხავ აზრებს როგორ ახერხებთ, რომ დაახვავოთ. საბოლოო გამოსვლაში მაინც ვთხოვ პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენელს, გვითხრათ, რას აპირებენ შემდეგი ერთი თვის განმავლობში განსხვავებულად იმისა, რაც აქამდე ხდებოდა? გადასახადების დაწევაზე რას ფიქრობთ და რატომ არ სწევთ დაბლა? საპენსიო დანაზოგს ხალხს რატომ არ უბრუნებთ?“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.