გიგა ბოკერია უმრავლესობას - შანსი გაქვთ, მთავრობას პოლიტიკურად ყური აუწიოთ, ან საბოლოოდ დანებდეთ
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია ინტერესდება, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რატომ არ წარადგენს.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ცვლილებების განხილვისას ბოკერიამ მმართველი გუნდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უმრავლესობას შანსი აქვს, მთავრობას პოლიტიკურად ყური აუწიოს, ან საბოლოოდ დანებდეს.
„სხდომათა დარბაზში პრემიერ-მინისტრი რატომ არ არის? ახალი პარლამენტის საქმიანობიდან ერთი წელი გავიდა და პრემიერ-მინისტრი პარლამენტის შენობაში არც ერთხელ, არც ერთ ფორმატში არ ყოფილა. საუბარი გიყვართ იმაზე, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ, მაგრამ ეს რა შუაშია? მთავრობას თქვენს მიმართ ელემენტარული პატივისცემა არ აქვს, ანუ, მათი, ვის ხელშიც მათი პოლიტიკური ბედი უნდა იყოს. ამბობთ, რომ რევოლუციური ცვლილებებია შემოსული და აქ რატომ არ არის პრემიერი? – პოლიტიკურ პატივისცემაზეა საუბარი, რადგან ყოველ დღე მათ ყველა პოლიტიკურ ხუშტურს ხმას აძლევთ. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მომხრე ბევრი თქვენგანი არ არის, მაგრამ თქვენ არც იმას გეუბნებიან, სამინისტროების რაოდენობას რატომ ამცირებენ, თანხებს რამდენით ზოგავენ და ამ ცვლილებებისთვის ხმის მიცემას მაინც აპირებთ?“, – მიმართა უმრავლესობას ბოკერიამ.
ბოკერიამ სამინისტროების შემცირების თვალსაზრისით, ყურადღება ესტონეთის გამოცდილებაზეც გაამახვილა.
„შალვა თადუმაძემ თქვა, რომ ბიუროკრატიას ხარჯების შემცირების ამოცანას იმიტომ არ ვუსახავთ ესტონეთისგან განსხვავებით ფული გვაქვსო და ბატონო შალვა, მართლა გგონიათ, რომ ესტონელებისგან განსხვავებით, ფული გვაქვს? – თქვენ რა ფულზეც ამბობთ გვაქვსო, ეს ხალხის მიერ შემქნილი დოვლათიდან ამოღებული ფულია, ხატოვნად რომ გითხრათ, ამოწოვილი სისხლია. ესტონელებმა ხარჯები იმიტომ შეამცირეს, რომ ნახეს, ხალხსა და ეკონომიკას უჭირდა. თქვენი პრემიერი ხანდახან იტყვის, ეკონომიკური პარამეტრების კმაყოფილი არ ვართ და ვიცით, ხალხს უჭირსო, მაგრამ სახეზე სხვა რამე ეტყობა ხოლმე. შანსი გაქვთ, მთავრობას პოლიტიკურად ყური აუწიოთ, ან საბოლოოდ დანებდეთ“, – მიმართა მმართველ გუნდს ბოკერიამ.
საკანონმდებლო ორგანოში 99 კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით მსჯელობენ, რომელიც მთავრობის რეორგანიზაციას ეხება.