გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას მიმართა - თქვენი ლობისტების მიერ სტრატეგიულ პარტნიორებთან მიწერილ წერილში პირდაპირ აღიარებითი ჩვენება გაქვთ, ამიხსენით, როდის იტყუებოდით
წერილი, რომელსაც ქვემოთ „ქართული ოცნების“ ლოგო არტყია, იწყება ასე: რამოდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარიო. ანუ აღიარებითი ჩვენება გაქვთ აქ პირდაპირ და თან ამას აღიარებთ, ბოლო პოლიტპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით და ნუ თვლით, გამოშვება არ გინდათ და გინდათ, კრიზისი შეინარჩუნოთ და ამიხსენით, როდის იტყუებოდით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კითხვით მიმართა.
„ბატონმა პრემიერმა ბევრ თვითქებასთან და ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად, რომელსაც არანაირად არ ვეთანხმები, თქვა ისიც, რასაც ვეთანხმები, რომ საერთო ჯამში, ქვეყანას მთლიანად შეგვაფასებენ ყველგან და საზოგადოებრივ თანხმობას აქვს მნიშვნელობა ოპონენტებს შორის – ვეთანხმები ამას.
თქვენ იცით, რომ პანდემიის გარდა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჩვენ შორის არის. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ვთვლით, რომ ერთი პოლიტპატიმარი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ. იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს საქმე დაიხუროს? მე ცოტა ხნის წინ ვნახე თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი შეერთებულ შტატებში სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჯერ ერთი, მინდა, გკითხოთ ვინ გირჩიათ, რომ მთავრობის მაგივრად, ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს. ეს ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ლობისტმა შეიძლება, გირჩიოს როგორ ილაპარაკო, რა სტრატეგია გქონდეს, ვის დაუკავშირდე, მაგრამ წერილებს წერს მთავრობა.
„ამ წერილში, რომელსაც ქვემოთ „ქართული ოცნების“ ლოგო არტყია, წერილი იწყება ასე: რამოდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარიო. ანუ აღიარებითი ჩვენება გაქვთ აქ პირდაპირ და თან ამას აღიარებთ, თან ბოლო პოლიტპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით და ნუ თვლით, კი ბატონო, გამოშვება არ გინდათ და გინდათ, კრიზისი შეინარჩუნოთ და ამიხსენით, როდის იტყუებოდით, ამ წერილის დროს? ახლა? გუშინწინ? ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი? რურუას შემთხვევაში, თუ სხვების შემთხვევაში?
თუ გაირკვევა, ბატონო პრემიერო, რომ თქვენ მინისტრებს შორის არის მინისტრი, რომელიც ჩვენი პარტნიორების, დასავლეთის კრიტიკას დემოკრატიასთან დაკავშირებით, თუნდაც თქვენი აზრით არასწორს, ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ და დამოუკიდებლობის დამხობას, აი, ასეთ პარალელს მიიჩნევთ თუ არა სამარცხვინოდ და ასეთი მინისტრი გასაშვები გყავთ, თუ არა თქვენი აზრით?“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.