გიგა ბოკერია - შავრაზმელობა, ფარისევლობა, ბელადომანია როცა ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს კატასტროფაა, დიახ, ამ თვალსაზრისით ჩვენი გზები ვერასდროს შეერთდება
გიგა ბოკერია - შავრაზმელობა, ფარისევლობა, ბელადომანია როცა ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს კატასტროფაა, დიახ, ამ თვალსაზრისით ჩვენი გზები ვერასდროს შეერთდება

შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია როცა ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რაც უნდა შეიცვალოს. ამ თვალსაზრისით ჩვენი გზები გაყოფილია და ვერასდროს შეერთდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაუხვია იმას, რაც იყო „ვარდების რევოლუციის“ ამოცანები და იდეალები.

„დღეს სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ციხეშია, მაგრამ ეს ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომ ეს განცხადებაც, ისე, როგორც ყველაფერი, რაც უკვე წლებია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება მისი მეთაურობით და თავისი გარემოცვის ყველა ფრთის ხელდასმით – პოპულიზმი, შეჯიბრი „ქართულ ოცნებასთან“ ეკონომიკაში თუ რელიგიურ პოპულიზმში, უპრინციპულობა, უარის თქმა ყველა ფასეულობრივ ღირებულებებზე, ნებისმიერ ფასად ბელადის გზას გაყოლა, დღეს ერთს იტყვის თუ ხვალ მეორეს, ორივეჯერ მართალია, ამაში ერთმანეთთან შეჯიბრი – ამან მიიყვანა ქვეყანა ვითარებამდე, რომ ივანიშვილი ეფექტურად სარგებლობს ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის დეგრადაციით. ანუ, ისინი არიან საკუთრივ საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ასევე ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. როცა შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად. დიახ, ამ თვალსაზრისით ჩვენი გზები გაყოფილია და ვერასდროს შეერთდება, რადგან ამ ძალამ, ამ ადამიანმა და მისმა გარემოცვამ გადაუხვიეს იმას, რაც იყო „ვარდების რევოლუციის“ ამოცანები და იდეალები, ამიტომ ეს არის ჩემი რეაქცია ამაზე. არაფერი სასიხარულო არ არის იმაში, რომ აქამდე მივიდა ვითარება, ამ ნაბიჯებმა და ამ მიდგომამ მიიყვანა „ნაციონალური მოძრაობა“ კრიზისამდე, სადაც ის არის. შეიძლება, ამომრჩევლის ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ იმ ამოცანებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას, პირიქით ასრულებს. ანუ, ოპოზიციის ფლანგზე მათი ლიდერობა ივანიშვილის რეჟიმის გამაძლიერებელია. ამ არჩევანმა მიიყვანა სააკაშვილი იმ მდგომარეობამდე, სადაც ის დღეს არის. მინდა, ყველას შევახსენო, მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, თუ ჩამოვა, დაიჭერენ და პოლიტმატიმარი იქნება, მისი გარემოცვა და თვითონაც ამას აფასებდა, როგორც ღალატს – აი, არ უნდათ, რომ ჩამოვიდე. როცა დღეს ციხეშია, პოლიტმატიმარია, იწყება აპელირება, როგორ არ გვაქვს ემპათია ამის მიმართ?! ემპათიაში არაა საქმე, საქმე არის პრინციპებსა და ფასეულობებში, რა მიგაჩნია სწორად შენი ქვეყნისთვის. თუ მყისიერ მომენტში გინდა, მოიგო საზოგადოების რაღაც ნაწილის გული და გამოგაქვს დასკვნა, რომ ივანიშვილისნაირად უნდა იქცეოდე ყველა საკითხში, ეს არის კატასტროფა პრაგმატულადაც და მორალურადაც, ამას ვხედავ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“.

დააკვირდით, ოლიგარქიული რეჟიმის პოპაგანდისთვის რა არის ყველაზე მომგებიანი ამბავი, რომ ალტერნატივის სახედ აჩვენოს ეს, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება და რასაც სააკაშვილი, სამწუხაროდ, თვითონ აკეთებს. ვინმეს აფრთხობს ამ სიტყვებით? ამ ფსიქოანალიზში არ შევალ. ადამიანს რაღაცის უნდა სჯეროდეს და ამისთვის უნდა აკეთებდეს, იმისდა მიუხედავად, ამ წამს რამხელა წარმატება აქვს. სააკაშვილი კი ეუბნება, თუ გინდათ, რომ იტივტივოთ, ნებისმიერ ფასად ჩემთან უნდა დარჩეთო. ვისაც უნდა, იტივტივოს, ის ხომ ამას აირჩევს, ხოლო ვისაც ამბიცია აქვს, რომ ადრე თუ გვიან მიაღწიოს იმას, რაც სწორი ჰგონია თავისი ქვეყნისთვის, ის უნდა გაყვეს იმას, რისიც სჯერა. სააკაშვილი ეუბნება, რომ იკამათეთ, ოღონდ ჩემს ლიდერობას არ შეეხოთო, იჩხუბეთ ერთმანეთში, მაგრამ ჩემთან მიმართებით უნდა გამომყვეთ ნებისმიერ ფასად, თორემ ვერ მოიპოვებთ იმ მხარდაჭერას, რაც 5-იან ნომერს აქვსო. ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც სწორი გვგონია. ეს იმ წამს შეიძლება, არ იყოს მყისიერი წარმატების მომტანი. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ წარმატება არ გვინდა. რა თქმა უნდა, გვინდა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ამოცანა არის, რომ რაღაც შედეგი დავდოთ, ზუსტად ისე, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს გვქონდა ეს ამბიცია, რომ რაღაც შეგვეცვალა ქვეყანაში და არა უბრალოდ ხელისუფლებაში მოვსულიყავით. თითქოს ეჯიბრებიან „ქართულ ოცნებას“ პოპულიზმში, მაგაში ვერც მოიგებენ. ანუ, ეშმაკს მის მოედანზე ვერ მოუგებენ, მხოლოდ გააძლიერებებ ამ შხამს, რასაც პოპულიზმი და შავრაზმელობა ჰქვია და რასაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“,  წლებია, ივანიშვილის რეჟიმის გასაძლიერებლად აკეთებენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა: „მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამ გზაზე ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ძალები, მაგრამ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“.