გიგა ბოკერია - საქართველოს მხარს უჭერენ, როგორც ქვეყანას, მაგრამ იქვე საუბარია იმ შესწორებებზე, რომელიც დაისვა ქვედა პალატაში
დიახ, საქართველოს მხარს უჭერენ, როგორც ქვეყანას, მაგრამ იქვე საუბარია იმ შესწორებებზე, რომელიც ქვედა პალატაში დაისვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესახებ განაცხადა.
საუბარია აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის მიერ ინიცირებულ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებებზე, რომლის თანახმად, „საარჩევნო რეფორმაზე მომზადებული შეთანხმების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციური პარტიები წინაპირობად აყენებდნენ პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. სენატი ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის“.
„აბსურდის თეატრი გრძელდება, მოვისმინე რაღაც განცხადება, რომ ოპონენტებს რაღაც უნდოდათ და არ გამოუვიდათ, თავისთავად ასე რომ უყურებენ საკითხს და არ ესმით, პრობლემა რაშია, ეს არის უკვე პოლიტიკური დიაგნოზი. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, დღის წესრიგი გვქონდეს, როდის მოგვცემენ თავისუფალ ვაჭრობას, საუბარი გვქონდეს უსაფრთხოების თანამშრომლობაში ხარისხობრივად გაღრმავებაზე, ნატო-ში გაწევრიანების კომპანიის ახალ ტალღაზე, დისკუსია არის იმაზე, რამდენად ჩიხშია საქართველო. ამ დოკუმენტებშიც, რომელიც ზალკალიანმა იზეიმა, დიახ, საქართველოს მხარს უჭერენ, როგორც ქვეყანას, მაგრამ იქვე საუბარია იმ შესწორებებზე, რომელიც იქნა დაყენებული ქვედა პალატაში – მოხდეს დემონსტრირება, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოდის და არ ღრმავდებს კრიზისი სასამართლოს დამოუკიდებლობის, შერჩევითი სამართლის, კორუფციის, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერია სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი სენატში ჯერ არც შესულა.
„რაც შეეხება მეორე უტიფარ სიცრუეს, შესწორება რომ იყო საგარეო კომიტეტის, ის არ გავიდაო, სადაც საუბარია პირდაპირ 8 მარტის შეთანხმებაზე, კონკრეტულ პირებზე, პოლიტპატიმრებზე, რომელთა მიმართაც შერჩევით სამართალს ჰქონდა ადგილი, საიდანაც რურუა ჯერ კიდევ ციხეშია და კიდევ უფრო მძიმე შეფასებები იყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოშია. ეს დოკუმენტი მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ, სენატში ჯერ არ წასულა, სენატორ რიშის, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის შესწორება აქ ვერ იქნებოდა. აქ შევიდა ის შესწორება, რაც დააყენეს ერთ-ერთ კომიტეტში, ანუ კონდიციების დაყენება, პირობების დაყენება თუ არადა ჩამოჭრა მისი ნაწილის, რაც უკვე ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.
აშშ-ის სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა, სადაც კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოსადმი მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.