გიგა ბოკერია - სამწუხაროა, რომ სააკაშვილი დღეს ისე იქცევა, როგორც ივანიშვილი და „ასავალ-დასავალი“ ექცეოდნენ მას
გიგა ბოკერია - სამწუხაროა, რომ სააკაშვილი დღეს ისე იქცევა, როგორც ივანიშვილი და „ასავალ-დასავალი“ ექცეოდნენ მას

სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება მათ, ვინც მას ებრძოდნენ იმავე მეთოდებით, როგორც თვითონ მოქმედებს დღეს, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„მართლა სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება მათ, ვინც მას ებრძოდნენ იმავე მეთოდებით, როგორც თვითონ მოქმედებს დღეს. როგორც ივანიშვილი და „ასავალ-დასავალი“ ექცეოდნენ მას, ისე იქცევა დღეს თავად და ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთვისაც ივანიშვილის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოცილება არის ეროვნული ამოცანა.

„ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება მშვიდობიანად არის ეროვნული ამოცანა, ამისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ვიყოთ ოპოზიციის ცენტრში და სხვებს მოუწიოთ ჩვენი მხარდაჭერა, მათ შორის სააკაშვილის გუნდს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან გიგა ბოკერიამ ისაუბრა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნა, რომ ის არ არის მომხრე გამოთქმის – „ივანიშვილი ციხეში“.

„ჩვენი პოზიციაა, რომ სანამ არ იქნება სამართლიანი სასამართლო, ივანიშვილის სასამართლოთი და პროკურატურით, არ უნდა გაასამართლო პოლიტიკური ოპონენტები, ხოლო სამართლიანი სასამართლოს აშენებას და ტრადიციის შექმნას სჭირდება დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე წრეზე წავალთ და ამ ერთ წრეზე ტრიალს რაღაც მომენტში წერტილი უნდა დაუსვა. ამას სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, რაც მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ. დაუსჯელობა პრობლემაა, მაგრამ დასჯა იმ სისტემაში, არის დიდი პრობლემა, რადგან მერე გარჩევა ჭირს, სად მთავრდება ზღვარი კანონის უზენაესობასა და სად იწყება პოლიტიკური დევნა. სააკაშვილის სხვა სულელური განცხადებისგან განსხვავებით ამ საკითხზე გუნდის შიგნით ლეგიტიმური კამათი არსებობს. ბრაზი აბსოლუტურად სამართლიანია, მაგრამ არ შეიძლება ხელისუფლება დევნიდეს იმ ოპონენტებს, რომლებიც ადრე ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ როცა დამოუკიდებელი სასამართლო არ გაქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.