გიგა ბოკერია - როდესაც ხალხს ეუბნები, რომ არჩევნებს აუქმებ, რჩება დიქტატურასთან შეგუების ან ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუციის გზა, ამიტომ გვსურს ვადამდელი არჩევნები
გიგა ბოკერია - როდესაც ხალხს ეუბნები, რომ არჩევნებს აუქმებ, რჩება დიქტატურასთან შეგუების ან ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუციის გზა, ამიტომ გვსურს ვადამდელი არჩევნები

როდესაც ხალხს ეუბნები, რომ არჩევნებს აუქმებ, რჩება დიქტატურასთან შეგუების ან ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუციის გზა, ამიტომ გვსურს ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არც რევოლუციისა და არც დიქტატურასთან შეგუების სცენარი ოპოზიციისთვის მისაღები არ არის.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მყარი პოზიცია, რაც ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა კი არა, შეიძლება ითქვას, მთლიანად ოპოზიციამ შეინარჩუნა, გაგრძელდეს სხვადასხვა ინტენსივობით, ოღონდ მყარად სამოქალაქო პროტესტით. ასევე, შემდეგი ფაზაა საზოგადოებასთან მუშაობა და ჩვენი გზავნილის ყველასთან მიტანა, რატომ არის ერთადერთი სწორი გზა ქვეყნისთვის ვადამდელი, ნორმალური არჩევნები და რომ ამის ალტერნატივა ყველა შემთხვევაში ქვეყნისთვის არის კატასტროფა და სარისკო სცენარი.

ვისაც ძალაუფლება აქვს, როდესაც ხალხს ეუბნება, რომ არჩევნებს ვაუქმებ, რჩება ორი გზა – დიქტატურისკენ სვლასთან შეგუება ან ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუცია. პირველი ხომ კატასტროფაა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ არც მეორე გვსურს. ამიტომ გვსურს ვადამდელი, ნორმალური არჩევნები. ჩვენ განვიხილავთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანას შარი ავაცილოთ და იყოს ნორმალური, ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხელისუფლება აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ბოკერია პასუხობს: „ივანიშვილის რეჟიმის უპრინციპობას და უსინდისობას აქვს ერთი დადებითი, გვერდითი ეფექტი – მათ სიტყვის ფასი არის ნული“, – აღნიშნა ბოკერიამ.