გიგა ბოკერია - რეფორმები, რომლებიც პრეზიდენტმა ჩამოთვალა, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ლოგიკურია, ამ ყველაფრის შემდეგ, განსხვავებულ ატმოსფეროში ჩატარდეს შემდეგი არჩევნები
ყველა პასუხისმგებლიანი ძალა ცალსახად უნდა შეუერთდეს პრეზიდენტის გზავნილებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვას, მის სულისკვეთებას და ყველა მთავარ გზავნილს აფასებს ძალიან დადებითად.
„ეს არის ის გზავნილი, რაც, ჩემი აზრით, სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, იმის დემონსტრირება, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ შეჯერება და ერთად მუშაობა იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადავდგათ, რათა უფსკრულის პირს, სადამდეც ივანიშვილის რეჟიმმა მიიყვანა ქვეყანა, დავშორდეთ და ისევ სწორ გზაზე დავდგეთ. რაც შეეხება იმას, სხვა პოლიტიკური ძალები რას იზამენ, მე ვერ გეტყვით. ჩემი პოლიტიკური პოზიციაა, როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, რომ ყველა პასუხისმგებლიანი ძალა ცალსახად უნდა შეუერთდეს ამ გზავნილებს. ჩემს პარტიაშიც, არ მინდა, დავასწრო და სხვის ნაცვლად ვისაუბრო, მაგრამ გავრისკავ, რომ ამ შემთხვევაში პროგნოზი ვთქვა, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდში სრული თანხვედრა იქნება ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ მოკლევადიან საპარლამენტო მანდატებთან და მთავრობის დაკომპლექტების ახალ წესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ბოკერიას თქმით, იმ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ, რომლებიც გატარდება, თავისუფალი არჩევნების ჩატარება სრულიად ლოგიკურია.
„ეს არ ნიშნავს, რომ ამ პარლამენტის მანდატი უმნიშვნელო იქნება. რეფორმები, რომლებიც პრეზიდენტმა ჩამოთვალა, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ლოგიკურია, განსხვავებულ ატმოსფეროში ჩატარდეს შემდეგი არჩევნები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.