გიგა ბოკერია - „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ჩვენ ვალდებულებას ვასრულებთ, ხელს მოვაწერთ ქცევის კოდექსს, რომლის შემუშავებაშიც საერთაშორისო მეგობრები გვეხმარებიან
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საერთაშორისო პარტნიორების მიერ მომზადებული მემორანდუმის ხელმოწერაზე უარი თქვეს.
ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ვალდებულებებს ასრულებს.
„ეგ არის სიცრუე, მათ მიერ გავრცელებული. მათგან განსხვავებით, ჩვენ ერთმანეთში ვთანხმდებით, საზოგადოების წინაშე ვალდებულებას ვიღებთ და ვასრულებთ. რაც შეეხება ივანიშვილის გუნდს, ამ მატყუარებისა და გადამგდები კლოუნების პოლიტიკურ გაერთიანებას, მათ ყველა შეთანხმება დარღვეული აქვთ საკუთარი საზოგადოების წინაშე, ოპოზიციასთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მაგრამ თავს ხომ არ მოვიტყუებთ. ჩვენ საზოგადოების წინაშე ამ პირობას ვდებთ და ვაპირებთ ხელმოწერის ცერემონიალს. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს და სხვა ოპოზიციაც ზუსტად ასე მოიქცევა, როგორც ხმების დაცვაზე მოვილაპარაკეთ.
ქცევის კოდექსზე, რომლის შემუშავებაშიც ჩვენი საერთაშორისო მეგობრები გვეხმარებიან, რა თქმა უნდა, ხელს კი არ მოვაწერთ, შევასრულებთ, მაგრამ ივანიშვილის გუნდი არის გადამგდები, მატყუარების გუნდი, რომელმაც მთელი ქვეყანა ფეხებზე დაიკიდა. მაგრამ მათი წასვლის დროა მშვიდობიანად და ცივილიზებურად, ამას ვუზრუნველვყოფთ ჩვენ – „ევროპული საქართველო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს პარტნიორების მიერ მომზადებული მემორანდუმის ხელმოწერაზე, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდა.