გიგა ბოკერია - „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43 პროცენტს, თუ ჩვენი მოქალაქეები არჩევნებზე მოვლენ
ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43 პროცენტს, თუ ჩვენი მოქალაქეები არჩევნებზე მოვლენ, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორი იქნება ოპოზიციის გეგმა 3 ოქტომბერს, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43 პროცენტზე მეტს აიღებს.
„ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა და მიზანი არის მშვიდობიანი, კონსტიტუციური მეთოდებით ამ რეჟიმის შეცვლა და ამას რაც დასჭირდება, ყოველთვის ყველა მეთოდს მივმართავთ, მშვიდობიანს და კონსტიტუციურს, ბუნებითი ჩვენი უფლებების გამოყენებით“, – განაცხადა ბოკერიამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა გარანტია აქვს ოპოზიციას, რომ თუ ისევ აქციების გზით წავა, ისევ არ იქნება საერთაშორისო გზავნილები, რომ ქუჩა საჭირო არ არის და ა.შ, ბოკერიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნის შიდა საქმეებში არასოდეს ერევიან.
„ისინი მხარს უჭერენ ქართული საზოგადოების თავისუფალი ნების გამოხატვას და რა თქმა უნდა, ისინი არასოდეს არ არიან დაინტერესებული, აქ რამე ვითარება გართულდეს. ოღონდ, ზოგჯერ უფრო ნელა, ვიდრე ეს ჩვენ გვსურს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყოველთვის მხარს უჭერენ ქართული საზოგადოების თავისუფალ არჩევანს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამიტომ, მედიატორებს მოლაპარაკებებისას, ამა თუ იმ მომენტში რა პოზიცია ჰქონდათ, ეს გადამწყვეტი საკითხი არ არის იმ დიდ ამოცანასთან მიმართებაში, რაც ჩვენ, ყველას ერთად, ქართულ საზოგადოებას გვაქვს. დარწმუნებული ვარ, თავისუფალი სამყარო ქართული საზოგადოების მკაფიო ნების დაფიქსირების შემდეგ, საბოლოო ჯამში, მხარს დაუჭერს ამ ნების განხორციელებას. ასეთია თავისუფალი სამყაროს, აშშ-ის, ევროკავშირის ბუნება“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეკითხვაზე, არის თუ არა საზოგადოების დაკვეთა ვადამდელი არჩევნები და მოვლენების აქციების გზით განვითარება იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის შარშანდელი აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ქვეყნის კურსის დრამატულად შეცვლა.
„ცალკე, ეთერს მიღმა თვითონ „ქართული ოცნების“ მომხრეც რომ დაისვათ და ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ქვეყანა ცუდი მიმართულებით მიდის, კატასტროფა ხდება და უნდა შემოტრიალდეს. ამაზე იმხელა კონსენსუსია, რომ მე მგონი, დავაც არ ღირს. თუ თქვენ გულისხმობთ იმას, როდის აღმოჩნდება ეს ბრაზი ლეგიტიმური და ნება იმდენად დიდი, რომ გადმოიღვრება ისეთ მასობრივ აქციებში, რომელიც რეჟიმს წალეკავს, მე ამ პროგნოზის გაკეთება მიჭირს, არც მინდა, გავაკეთო და მეტსაც გეტყვით – ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, არც არის სასურველი იანუკოვიჩის სცენარი. ჩვენ პირიქით, გვსურს ამ სცენარის თავიდან აცილება. იმისთვის, რომ ეს სცენარი თავიდან ავიცილოთ, არჩევნებზე იმხელა მარჟა უნდა იყოს, რომ ეს ივანიშვილივით და მისი გარემოცვასავით უტიფარი რეჟიმიც კი, რომელიც ყველაფერს პერსონალურად წყვეტს, ამას მიხვდეს, ასეთი რიტორიკით არ დაამძიმონ ვითარება და სანამ ხალხი ქუჩაში პერმანენტულად არ გამოვა, მანამდე ძალადობით, კორუფციით, მოსყიდვითა და დაშინებით, ქვეყნის მტრებთან, შავრაზმელებთან შეკვრით არ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ეს ძალიან სარისკოა ქვეყნისთვის და მათთვისაც, პერსონალურად“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, ხელისუფლებას ეს ყველაფერი მკაფიოდ დაანახოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მეტი ზიანი აღარ მიაყენოს, რისკები აღარ გაზარდოს და უმრავლესობის ნებით ძალაუფლების დათმობას შეეგუოს.