გიგა ბოკერია - პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე გონს არ მოეგებიან და არ წაიღებენ უკან იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენეს
პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე გონს არ მოეგებიან და არ წაიღებენ უკან იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდსა და ოპოზციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორგი რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.
„იძულებული იყვნენ, დამჯდარიყვნენ ამ პროცესზე. გარე პროტესტი გაგრძელდება. გაგრძელდება შიგნით წნეხი, საერთაშორისო იზოლაცია ივანიშვილისა და მისი გუნდის იქამდე, ვიდრე გონს არ მოეგებიან და არ წაიღებენ უკან იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენეს, როცა გადააგდეს ყველა.
თუ არ მოეგებიან გონს, დაასრულებენ ცუდად. ეს მოლაპარაკების ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა, თუ გონს მოეგება ივანიშვილი, აქ გაფორმდეს პროცესი, რომ უკან წაიღო ეს შეურაცხყოფა და გადავედით პროპორციულ სისტემაზე“,- განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, მისივე თქმით, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არის.
„14 დეკემბერს თუ საჯარო მოხელეებს აიძულებენ, რომ ჩამოიყვანონ, ასლანს ჩამოჰყავდა აგრესიული ხალხი დიდი რაოდენობით და ძალადობას მიმართავდნენ, როგორ დაამთავრა ასლანმა, ეგ იქნება კაი ვარიანტი ამათთვის, ასლანივით დაამთავრონ, თუ ამას იზამენ.
არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არის. არის საზოგადოება, რომელიც გადააგდო ივანიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა და არის ჩვენი ფულით დაქირავებული ხალხი, რომელსაც აიძულებენ ან თვითონაც მიდრეკილები არიან ძალადობისკენ. ეგ არის ასლანის გზა. ასლანის გზა ასლანებისთვის ცუდად მთავრდება. თუ გონს მოეგება და შეწყვეტს ამ გზას, ხო კარგი, თუ არადა თვითონ ჩამოიმხობს ხელისუფლებას თავზე“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.