გიგა ბოკერია - პრინციპულად არასწორია სოფო ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება ათი ათას კაციან მიტინგს ძალადობრივად აქცევდა
პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება ათი ათას კაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „იემსის“ წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის მიერ 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, იგი იზიარებს თანაპარტიელის, ოთარ კახიძის მოსაზრებებს სოფო ვერძეულის დასკვნასთან დაკავშირებით.
„ვთვლი, რომ ოთომ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.
1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე.
2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა.
3. რა თქმა უნდა, მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას.
4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება ათი ათას კაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად.
5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია“, – აცხადებს ბოკერია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ნიკა მელიას მიმართ წაყენებულ ბრალს სამართლებრივად აბსურდულს უწოდებს. ამასთან, მისივე თქმით, მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო.
„მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ რიგში, გახარიას ეკისრება.
მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთოს პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო. ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას.
ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს, ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია.
ჩვენი საზოგადოების მთავარი სამიზნე არის ივანიშვილის ხელისუფლება, მინისტრი გახარია უნდა გადადგეს. ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დავამარცხოთ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში“, – აცხადებს ბოკერია.
გიგა ბოკერიას განცხადებას პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან გახდა ძალადობრივი და პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო.