გიგა ბოკერია - პოლიტიკურ პროცესს არყევს დაუსჯელი ძალადობა და იმ ტიპის განცხადებები, როგორიც „ქართული ოცნებისგან“ ზუგდიდში მოვისმინეთ
პოლიტიკურ პროცესს არყევს დაუსჯელი ძალადობა და იმ ტიპის განცხადებები, როგორიც „ქართული ოცნებისგან“ ზუგდიდში მოვისმინეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„როცა ძალადობის პირველი ფაქტები მოხდა, კომენტარები რომ სთხოვეს, თქვეს – აბა, რა ეგონათ, იქ ბევრი გაბრაზებული ხალხია და თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ ამისიო. მთავრობის მხრიდან ამ ტიპის დამოკიდებულება არის პირდაპირი თავდასხმა მშვიდობიანი არჩევნების იდეაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, არჩევნების წინააღმდეგ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება მხოლოდ საზიანოა, ვის მიერაც არ უნდა გაკეთდეს ის.
„როცა ამბობ, რომ არჩევნების არ მჯერა, ესეც ჯდება ფუნდამენტურად, ღირებულებით არასწორი გზავნილების ჩარჩოში, მაგრამ თუ ის, ვინც ძალაუფლებას ფლობს, ამბობს, მე ფიზიკურად არ დავუშვებ ჩემს მარცხს, ეს არის რადიკალიზაციის ძირი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ ყველაფრის მიუხედავად, „ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და შალვა შავგულიძის გარშემო გაერთიანებული ძალები შეძლებენ იმის დემონსტრირებას, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია ვითარების მშვიდობიანი არჩევნებით შეცვლა, მაგრამ როცა საუბარია იმაზე, ვინ წარმოადგენს საფრთხეს, უნდა ვილაპარაკოთ არა ოპოზიციის თუნდაც მძიმე შეცდომებზე, არამედ იმაზე, რა თამაშს თამაშობს ის, ვისაც საზოგადოებაზე ძალაუფლება აქვს.
„და აქ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის საქმე. სხვა ჯგუფების მიმართაც იგივე იყო. „თავისუფალი დემოკრატები“ მათი კოალიციური პარტნიორები იყვნენ და როცა პრინციპული მოსაზრებების გამო დაუპირისპირდნენ, ხალხი დაიჭირეს. აი, მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხომ არ არის?! ამიტომ ვამბობ, აქ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის საქმე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ის სანდრა რულოვსის მიერ ბოლოს გაკეთებულ განცხადებას და ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა თუ სანდრა რულოვსმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ის სანდრა რულოვსის ბოლო განცხადების სულისკვეთებას არ ეთანხმება, ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მან ცალკე განცხადება გააკეთა, სანდრა რულოვსმა კი ცალკე განცხადება და ორივეს პატივი უნდა ვცეთ.
„მე რასაც არ ვეთანხმები, იმაზე კი არ მერიდება რამის თქმა. უბრალოდ, თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ჩემი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლის ფოკუსი არის ხელისუფლების ქმედებებზე და არა ოპოზიციაში ჩემი კონკურენტების მცდარ ნაბიჯებზე. ეს ბუნებრივია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი კოალიცია აქვს, რომელსაც საკუთარი ხედვა აქვს და ეს ხედვა ბევრ საკითხში ფუნდამენტურად განსხვავდება „ევროპული საქართველოსა“ და მისი პარტნიორის, „თავისუფალი დემოკრატების“ ხედვისგან, მაგრამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პრობლემა, რაც დემოკრატიის რწმენას კლავს და უსაფრთხოების გარანტიებს არყევს.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის „ოცნების“ მმართველობა, როგორადაც ის ჩამოყალიბდა და კიდევ უფრო ღრმავდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ მშვიდობიანად, ყოველგვარი არეულობისა და ისტერიკის გარეშე იყოს შესაძლებელი არსებული ხელისუფლების დამარცხება, ოპოზიციაში უნდა იყოს კიდევ ერთი ძლიერი ცენტრი, რომელიც ცივილიზებულ კონკურენციაში მეორე ცენტრს მოუგებს.