გიგა ბოკერია - მეც და ჩვენი გუნდიც ყოველთვის მომხრე ვიყავით, რომ ხელისუფლებას შეცვლას არ მოჰყვეს თუნდაც ლეგიტიმური რეპრესიები
პოლიციის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც იქცევიან კრიმინალებივით და ყაჩაღებივით, ნამდვილად იმსახურებენ მკაცრ პერსონალურ შეფასებასა და პრობლემატურ შედეგებს, როდესაც ვითარება შეიცვლება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვიდეომასალაში, რომელიც მასთან დაკავშირებით გავრცელდა, სწორედ ამაზე ესაუბრებოდა პოლიციელს.
„არ ვარ მომხრე რიგითი პოლიციელების რაიმე სახის არათუ ფიზიკური შეხების, არამედ მკაცრი შეფასებებისაც, მათ შორის მაშინაც კი, როცა ისინი ასრულებენ სამარცხვინო და უკანონო დავალებებს. პოლიციის ხელმძღვანელი პირები კი, რომლებიც იქცევიან კრიმინალებივით და ყაჩაღებივით, ნამდვილად იმსახურებენ მკაცრ პერსონალურ შეფასებასა და პრობლემატურ შედეგებს, როდესაც ვითარება შეიცვლება. ეს ვუთხარი იმ ადამიანს და ახლაც მზად ვარ, იგივე გავიმეორო. ხელმძღვანელი პირები, რომლებიც იქცევიან როგორც კრიმინალები, იტაცებენ მანქანებს და არც გეუბნებიან, რის საფუძველზე, მათ ექნებათ სერიოზული პრობლემები, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით ვითარება გაუმჯობესდება. მეც და ჩვენი გუნდიც ყოველთვის მომხრე ვიყავით და კრიტიკაც დავიმსახურეთ იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს, ხელისუფლებას შეცვლას არ მოჰყვეს თუნდაც ლეგიტიმური რეპრესიები. ივანიშვილი და მისი პროპაგანდის მანქანებიც (მათ შორის თქვენი ტელევიზის ხელმძღვანელები – მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს) დაადგნენ იმ გზას, რომელიც უკვე მაგის შანსს გამორიცხავს. ამ გზას თუ გააგრძელებს, მაშინ უმკაცრესი იქნება შედეგები ყველა ამ პირისთვის, მათ შორის, პროპაგანდის ორგანოების ხელმძღვანელებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.