გიგა ბოკერია - ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ ეკუთვნის, ეს პოლიტიკური დევნაა, თუმცა არსად გაქცევას არ აპირებს
ნიკა მელიასთან მიმართებით უამრავი კანონი დაირღვა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის მთლიანად პოლიტიკური სამარცხვინოდ შეკერილი საქმე, როგორც ყველა სხვა საქმე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ ეკუთვნის და მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხდება.
„ამოცანა არის, ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერზე, წნეხი, მისი განეიტრალება, ან ზოგადად, ყველას დაშინება. თავიდან ბოლომდე, ეს არის პოლიტიკური დაკვეთით გაკეთებული საქმე. რაც შეეხება გირაოს ასპექტს, სრული სისულელეა. მელია არსად გაქცევას არ აპირებს, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ეს მთლიანად მოგონილი ამბავია, თავი რომ დავანებოთ რამდენი პროცედურა დაირღვა ამ პირობებში. ასე რომ, ამ კონტექსტში საუბარი, თითქოს მელიამ რამე დაარღვია, არასერიოზულია. არ ეკუთვნის გირაოს გადახდა. ეს არის პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.