გიგა ბოკერია - მთელი ოპოზიცია დაინტერესებულია ვითარების ნორმალიზებით, მაგრამ ამას ურთიერთდაკავშირებული ორი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთელი ოპოზიცია დაინტერესებულია ვითარების ნორმალიზებით, თუმცა ამისთვის ურთიერთდაკავშირებული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
ბოკერიას თქმით, უნდა შესრულდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ხალხის წინაშე დადებული პირობა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი პარტნიორები „თავისუფალი დემოკრატები“, მთელი ოპოზიცია დაინტერესებულია ვითარების ნორმალიზაციით, მაგრამ ამას სჭირდება ორი ურთიერთდაკავშირებული ნაბიჯის გადადგმა. ერთი არის იმ პირობის შესრულება, რომელიც დაიდო ხალხის წინაშე, არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მეორე – პოლიტიკური პატიმრების გამოშვება ციხიდან და რეპრესიების შეწყვეტა. ორი მნიშვნელოვანი, მაგრამ გადასაჭრელად მარტივი საკითხია, თუ ივანიშვილის ნება არსებობს, მაგრამ ამ ორივე საკითხთან დაკავშირებით ჯერ ვერც ერთი კონკრეტული ნაბიჯი ვერ დავინახეთ. მესმის, რომ მორალურად გატეხილები არიან და ეს აგონია ამის ნიშანია, თან უნდათ საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი მოატყუონ, თან უტიფრად ლაპარაკობენ და თითს იშვერენ. გადადგან კონკრეტული ნაბიჯი და ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ განიმუხტოს ვითარება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ამას ჯერ არ შვებიან და ათას სისულელეს ლაპარაკობენ. გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა. რადგან თვითონ შემოგვთავაზეს, რომ პარტიულ სიას და მაჟორიტარებს შორის პროპორცია არის გზა ამის გადაწყვეტის, ჩვენ ვუთხარით, როგორ უნდა გადაწყვეტილიყო, 130 პარტიული სიით, 20 მაჟორიტარი, მარტივია. კიდევ ერთხელ თუ გაიმეორებენ იმ უტიფარ სისულელეს, რომ მაჟორიტარები ამბოხებულები არიანო, მაშინ ყველანაირი სისულელის თქმა შეიძლება. გადადგან ის ნაბიჯები, მდგომარეობა განიმუხტება და შემდეგ შეეგუონ ამომრჩეველთა გადაწყვეტილებას არჩევნებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მათი მარცხი“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.