გიგა ბოკერია - მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ
გიგა ბოკერია - მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ

მშვიდობიანი აქციები, ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტური ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პიკეტირება ძალაშია.

„შარლ მიშელის ჩარევით ახლა გვაქვს პოზიტიური საწყისი წერტილი. პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ ეს არ არის კვირები და თვეები, შემდეგ დღეებში უნდა ვნახოთ პროგრესი. ნიკა მელიას და სხვა საკითხების გადაჭრის გარეშე კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ამ ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხები არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა. ფაქტი ისაა, რომ პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით ამ ჩარჩო დოკუმენტში შედის ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არ არის გადადებაზე საუბარი, ეს უნდა მოხდეს დღეების განმავლობაში, ეს არის თვითონ პრეზიდენტი მიშელის სიტყვები. მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტურად ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების, ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა, მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ხვალ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს, თუმცა აცხადებენ, რომ პიკეტირება ბლოკირებას არ ნიშნავს და დეპუტატებს პარლამენტში შესვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ.